ყავა ქალებში სიცოცხლეს ახანგრძლივებს - ახალი კვლევა

50 წელს გადაცილებული ქალები, რომლებიც დღეში ერთიდან სამ ფინჯან ყავას სვამენ, უფრო მეტად არიან მიდრეკილი, რომ სიბერემდე სერიოზული ქრონიკული დაავადებების გარეშე და კარგი კოგნიტური, ფიზიკური, ფსიქოლოგიური ჯანმრთელობით მიაღწიონ.

ამის შესახებ ტორონტოს უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტისა და კვების მეცნიერებათა დეპარტამენტის ახალ კვლევაში წერია, რასაც CNN ავრცელებს.

კვლევა დაკვირვებითია, ამიტომ პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირის შესწავლაში შეზღუდულია. მასში 47 000-ზე მეტმა საშუალო ასაკის ქალმა მიიღო მონაწილეობა, რომლებსაც მკვლევარები 30 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ, რომ სიკვდილიანობისა და დაავადების მაჩვენებლები დაედგინათ. კერძოდ, მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ეფექტი სწორედ ყავაში ვლინდება, რომელიც კოფეინს შეიცავს.

კვლევის წამყვანი ავტორი, დოქტორ სარა მაჰდავი აცხადებს, რომ „კოფეინიანი ყავის ზომიერი, ანუ დღეში ერთიდან სამ ფინჯნამდე მოხმარება შესაძლოა, ზრდასრულთა ჯანსაღი რაციონის ნაწილი იყოს. თუმცა ეს ზოგად რეკომენდაციად არ უნდა იქნეს აღქმული.“

იმის მიუხედავად, რომ ყავა შესაძლოა, დღეგრძელობას უწყობდეს ხელს, მისი მოხმარება, განსაკუთრებით, ქალებისთვის, უნივერსალური რეკომენდაცია არ არის. ექსპერტების თქმით, ჰორმონალური ცვლილებები გავლენას ახდენს კოფეინის მეტაბოლიზმზე, ამიტომ მისი სარგებელი დამოკიდებულია დროზე, ბიოლოგიასა და ინდივიდუალურ ჯანმრთელობაზე.

კოლორადოს უნივერსიტეტის ქალთა გულის დაავადებების კათედრის გამგე და მედიცინის დოცენტი, დოქტორ დევიდ კაო ამბობს, რომ „მართალია, ქალებს, რომლებიც დღეში სამ ფინჯან ყავას სვამენ, შესაძლოა, უკეთესი შრომისუნარიანობის გრძელვადიანი მაჩვენებლები ჰქონდეთ, ვიდრე მათ, ვინც ყავას არ სვამს, მაგრამ ჯერ უცნობია, მიაღწევენ თუ არა ანალოგიურ შედეგს ყავის არამსმელი ქალები, თუკი დღეში სამ ფინჯან ყავის დალევას დაიწყებენ.“ მისი თქმით, „ამჟამინდელი მონაცემები არ იძლევა ზუსტ პასუხს იმის შესახებ, დაეხმარება თუ არა ყავის მოხმარების ზრდა ჯანმრთელობის შენარჩუნებას.“

მოამზადა ლადო სულაბერიძემ