დავით სერგეენკო მარტოხელა პენსიონერების სოციალური დახმარების გარეშე დატოვებას შეცდომად მიიჩნევს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მატოხელა პენსიონერების ორი თვის განმავლობაში სოციალური დახმარების გარეშე დარჩენა შეცდომა იყო, - ამის შესახებ დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ განუცხადა, როდესაც სოციალურად დაუცველთა აღრიცხვის მეთოდოლოგიაში მიმდინარე ცვლილებებზე ისაუბრა.

"არ მოვერიდები ამის თქმას, - ეს იყო შეცდომა, რომ მარტოხელა პენსიონერები ამ ორი თვის განმავლობაში აღმოჩნდნენ მოწყვლად ჯგუფში, თუმცა საბედნიეროდ დროული რეაგირება გავაკეთეთ, ეს გამოსწორდება და გამოტოვებული თანხები აუნაზღაურდებათ", - განაცხადა სერგეენკომ.  მისივე თქმით, სოციალურად დაუცველთა მეთოდოლოგია რამდენიმე ათეულ პარამეტრს მოიცავს და თითოეულ ამ პარამეტრს ენიჭება თავისი შესაბამისი ქულა და კოეფიციენტი.

სერგეენკოს განმარტებით, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ცვლილება განხორციელდა მიმდინარე წლის მაისიდან, როდესაც გაერო-ს ბავშვთა დაცვის ფონდის რეკომენდაციების შესაბამისად, მთავარი აქცენტი გადატანილ იქნა მრავალშვილიან ოჯახებზე და ბავშვთა უფლებების, კეთილდღეობის მიმართულებით.  "ეს მართლაც შესაბამისად განხორციელდა, მაგრამ სამთვიანმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ მოწყვლადი აღმოჩნდა მარტოხელა პენსიონერების ჯგუფი, შესაბამისად ჩვენ გავაკეთეთ გათვლები, რომლის მიხედვითაც, დღეს მთავრობამ დაადასტურა და მარტოხელა პენსიონერებს ახალი, გაზრდილი კოეფიციენტი მიენიჭათ. ეს მოგვცემს საშუალებას, რამდენიმე დღის განმავლობაში გავაკეთოთ ავტომატურად გადათვლა", - განაცხადა სერგეენკომ.

მისივე ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, ბოლო ორი თვის განმავლობაში სოციალური დახმარება 3700 პენსიონერს მოეხსნა, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით, მათ ეს ორთვიანი გაცდენა აუნაზღაურდებათ. რაც შეეხება თანხებს, სერგეენკოს განცხადებით, ამას დამატებითი რესურსები არ დასჭირდება.