გიორგი კვირიკაშვილი: ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფასთან დაკავშირებით აჟიოტაჟის მიზეზი აღარ რჩება

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფასთან დაკავშირებით აჟიოტაჟის მიზეზი აღარ რჩება, რადგან საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი გათვალისწინებული იქნება.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განუცხადა, ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა აბსოლუტურად გამჭვირვალე კანონშემოქმედებითი პროცესი, რომლის განმავლობაშიც საქართველოს მთავრობა აწარმოებდა კონსულტაციებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან და საბოლოოდ მიღებულ იქნა კანონპროექტი, რომელშიც ძალიან ბევრი შენიშვნა გაითვალისწინეს. "ამას გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუშინ პრემიერი შეხვდა სავალუტო ფონდის წარმომადგენელს საქართველოში, რომლის დროსაც განიხილეს დამატებითი რამდენიმე შენიშვნა, რომელიც წარმოდგენილ იქნა სავალუტო ფონდის მხრიდან. პრემიერმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ წარმოდგენილი დამატებითი შენიშვნების უდიდესი ნაწილი იქნას გათვალისწინებული და როდესაც სექტემბერში სავალუტო მისიის ვიზიტი შედგება საქართველოში, იქნას დამატებითი ინიცირებით პარლამენტში გათვალისწინებული წარმოდგენილი შენიშვნები, რომლებიც იქნა დამატებით გამოთქმული სავალუტო ფონდის მიერ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა იმ მთავარ სადაო საკითხებზე, რომელიც სავალუტო ფონდის მხრიდან იქნა წარმოდგენილი.  "აქ არის საუბარი პარიტეტის გამყარებაზე ეროვნული ბანკის მხრიდან მონაწილე საბჭოს წევრებსა და დანარჩენ საბჭოს წევრებს შორის, გათავისუფლების სიიოლესთან დაკავშირებით და ეს შენიშვნა გაზიარებულია. ასევე, გაზიარებული იქნება შენიშვნა სასამართლოსთან დაკავშირებით. არის კიდევ რამდენიმე შენიშვნა, რომელიც უფრო ტექნიკური ხასიათისაა. ერთადერთი საკითხი, რაზეც პოლემიკა იყო და სავარაუდოდ ვერ იქნება გაზიარებული, ეს არის გარდამავალი პერიოდის 9 თვემდე გახანგრძლივების საკითხი, ვინაიდან ტექნიკურად ამის მიზეზები არ არსებობს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველა შენიშვნა გარდა ამ ერთისა, სავარაუდოდ, იქნება გათვალისწინებული. ვფიქრობ, რომ აჟიოტაჟის მიზეზი აღარ რჩება, რადგან საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი იქნება გათვალისწინებული. რაც შეეხება ევროკავშირის პოზიციას, მისი პოზიცია არის ძალიან ცხადი. ამ ტიპის პრაქტიკა არსებობს ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასთან შეუსაბამობაზე საერთოდ საუბარი არ არის", - განაცხადა კვირიკაშვილმა.