რუსეთის ეროვნული კეთილდღეობის ფონდის ლიკვიდური აქტივები მაისში 14%-ით შემცირდა. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
მიზეზად უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის მზარდი ხარჯი და ნავთობზე ფასების ვარდნა სახელდება, რაც რუსეთის ბიუჯეტზე ზემოქმედებს.
კერძოდ, ფონდში თავისუფალი ფული მაისში 2.8 ტრლნ რუბლამდე (35.5 მლრდ დოლარამდე) შემცირდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად ფონდმა 453.8 მლრდ რუბლი (5.8 მლრდ დოლარი) დაკარგა.
Bloomberg-ის გათვლებით, 2022 წლის თებერვლიდან, ანუ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ფონდის ლიკვიდური აქტივები 68%-ით შემცირდა.
ნავთობისა და გაზის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლით რეზერვის შევსების წლევანდელი გეგმა ნავთობზე ფასების ვარდნამ ჩაშალა, რაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სავაჭრო ომმა და მოპოვების მნიშვნელოვნად გაზრდაზე OPEC+-ის გადაწყვეტილებამ გამოიწვია. ნავთობის გაიაფებამ რუსეთის მთავრობა აიძულა, ენერგეტიკული შემოსავლების პროგნოზი 24%-ით შეემცირებინა, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტი სამჯერ გაეზარდა.
კერძოდ, მაისში ნავთობგაზიდან ფედერალური ბიუჯეტის შემოსავლები, გასულ წელთან შედარებით, ერთ-მესამედზე მეტად შემცირდა და 2023 წლის იანვრის მინიმუმამდე დაეცა. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ნავთობისა და გაზის შემოსავლები, რომლებიც სახელმწიფო ხაზინის შემოსავლების, დაახლოებით, მეოთხედს შეადგენს, გასულ თვეს 512.7 მლრდ რუბლამდე (6.5 მლრდ დოლარამდე) შემცირდა. ეს 35%-ით ნაკლებია 2024 წლის მაისთან შედარებით, როცა ამ შემოსავალმა 793.7 მლრდ რუბლი (10 მლრდ დოლარი) შეადგინა და, თითქმის, 53%-ით ნაკლებია მიმდინარე წლის აპრილთან შედარებით, როცა 1.09 ტრლნ რუბლის (13.8 მლრდ დოლარის) შემოსავალი დაფიქსირდა.
ბოლოს ნავთობისა და გაზის შემოსავლები, გასულ თვესთან შედარებით, ყველაზე დაბალი 2023 წლის იანვარში იყო, როცა ბიუჯეტში მხოლოდ 425.5 მლრდ რუბლი (5.4 მლრდ დოლარი) შევიდა.
ხუთი თვის შედეგებით, ანუ იანვარ-მაისში ნავთობისა და გაზის შემოსავლები, 2024 წლის ანალოგიური პერიოდის 4.95 ტრლნ რუბლთან (62.7 მლრდ დოლართან) შედარებით, 14.4%-ით ნაკლებია და 4.24 ტრლნ რუბლს (53.7 მლრდ დოლარს) შეადგენს.
ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მონაცემებით, ბარელ Urals-ზე საშუალო ფასი, აპრილის 54.76 დოლართან შედარებით, მაისში 52.08 დოლარამდე დაეცა და ზედიზედ მესამე თვეა, რაც G7-ის მიერ დადგენილ 60-დოლარიან ზღვრულ ფასზე დაბლა ივაჭრება.
წელს ფინანსთა სამინისტრო ნავთობისა და გაზის შემოსავლებიდან 10.94 ტრლნ რუბლის (138.6 მლრდ დოლარის) შეგროვებას გეგმავდა, საიდანაც 1.8 ტრლნ რუბლი (22.8 მლრდ დოლარი) ეროვნული კეთილდღეობის ფონდის შესავსებად იყო განკუთვნილი. თუმცა ნავთობზე ფასების ვარდნამ ხელისუფლება აიძულა, პროგნოზისთვის გადაეხედა. ამჯერად ფინანსთა სამინისტრო ენერგორესურსების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების გეგმის, თითქმის, მეოთხედით, ანუ 8,32 ტრილიონ რუბლამდე (105.4 მლრდ დოლარამდე) შემცირებას მოელის და ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად ფონდის სახსრების ხარჯვას გააგრძელებს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ