ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე ადასტურებს, რომ „ლიბერთი ბანკის“ გაყიდვაზე „ბაზისბანკთან“ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე თვეა არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ბაზისბანკმა“ შესაძლოა, „ლიბერთი ბანკი“ შეიძინოს. აღნიშნულთან დაკავშირებით, „ბიზნესპრესნიუსი“ წყაროზე დაყრდნობით, მიმდინარე წლის აპრილშიც წერდა.
ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ ტელეკომპანია „პირველთან“ საუბრისას, ორ ბანკს შორის მოლაპარაკებები დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ პროცესი ჯერ არ დასრულებულა და არც იცის როდის დასრულდება.
„ველაპარაკებით „ბაზისბანკს“ მაგრამ არ დასრულებულა და იმასაც ვერ გეტყვით როდის დასრულდება. უბრალოდ მიდის ლაპარაკი. შეიძლება პროცესი სხვანაირად წავიდეს, შეიძლება ვინმე სხვა მხარე გაჩნდეს ან შეიძლება საერთოდ უარი ვთქვათ გაყიდვაზე, რაც ორი წლის წინ გავაკეთეთ. ჩვენ ყველანი ვმონაწილეობთ ქართულ საბანკო სისტემაში და ვთამაშობთ იმ წესებით, რომლებიც დაგვიწესა ეროვნულმა ბანკმა. მე განსაკუთრებულ ცვლილებებს არ ველოდები, გარდა იმისა, რომ გაჩნდება ძალიან საინტერესო ბანკი, მესამე ბანკი, რომელიც იქნება ორჯერ დიდი, ვიდრე დღევანდელი მესამე ბანკია სიდიდით", - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.
ინფორმაციისთვის, ამ ეტაპზე საქართველოს ბაზარზე 17 კომერციული ბანკი ოპერირებს. მოგების კუთხით კომერციულ ბანკებს შორის „ლიბერთი ბანკი“ მესამე, ხოლო „ბაზის ბანკი“ მეოთხე ადგილზეა.
ცნობისთვის, „ბაზის ბანკის“ წილების 91.891%-ის მფლობელი შპს Xinjiang HuaLing Industry & Trade (Group) Co-ია, ხოლო „ლიბერთის“ წილების 96.97%-ს სს „გალტ & თაგარტი“ (ნომინალური მფლობელი) ფლობს.