პუტინის პრესსპიკერი აცხადებს, რომ რუსეთი მზად არის, საქართველოსა და უკრაინის სანქციებს უპასუხოს

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი მზად არის, საქართველოსა და უკრაინის სანქციებს უპასუხოს. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება. როგორც პესკოვმა აღნიშნა, რუსეთმა შესაძლოა, უპასუხოს სანქციებს იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებიც ევროკავშირში არ შედიან, მაგრამ რუსეთის მიმართ მიღებულ სანქციებს შეუერთდნენ. "აუცილებლად მოყვება შესაბამისი ზომები", - განაცხადა პესკოვმა.

როგორც რუსული სააგენტოები წერენ, 29 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ გრძელვადიან სანქციებს კიდევ ექვსი ქვეყანა შეუერთდა. კერძოდ, ჩერნოგორია, ალბანეთი, ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და უკრაინა. მათივე ინფრომაციით, უფრო ადრე კი იტყობინებოდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ სანქციებს საქართველოც შეუერთდა.