ათეულობით გაჩერებული თვითმფრინავის გამო Wizz Air-ის აქციები 23%-ით, მოგება კი 62%-ით შემცირდა

დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მა აქციების 23%-იანი დაცემის გამო მოგების მნიშვნელოვანი ვარდნა განიცადა. მიზეზად ძრავის შეკეთების მოლოდინში გაჩერებული თვითმფრინავები სახელდება.

ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

კერძოდ, 9 მაისის მდგომარეობით, ავიაკომპანიას 37 გამოუყენებელი თვითმფრინავი დაუფიქსირდა. არსებული პროგნოზით, 2026 ფინანსური წლის პირველი ნახევრის ბოლოსთვის 34 თვითმფრინავი მიწაზე დარჩება, რადგან შეკეთების საშუალო პერიოდი, დაახლოებით, 300 დღეს შეადგენს.

პრობლემები კომპანია RTX-ის კუთვნილ ძრავა Pratt & Whitney-ში არსებული დეფექტების გამო გაჩნდა, რამაც Wizz Air-ის ფრენების რაოდენობის ზრდა შეაჩერა. კომპანიამ მოგების შემცირება ბოლო წლის განმავლობაში ორჯერ დააანონსა.

Wizz Air-ის აღმასრულებელმა დირექტორ იოჟეფ ვარადიმ Reuters-ს განუცხადა, რომ ძრავის შეკეთების პრობლემები ავიაკომპანიაზე კიდევ ორი-სამი წლის განმავლობაში იმოქმედებს.

ცნობისთვის: 31 მარტს დასრულებული ფინანსური წლის მიხედვით, Wizz Air-ის საოპერაციო მოგება 61.7%-ით შემცირდა და 167.5 მლნ ევრო შეადგინა, რაც ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ 246 მლნ ევროს მოგებაზე გაცილებით ნაკლებია. ავიაკომპანიის აქციები, რომლებიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება, 26%-ით დაეცა. მათი ფასი ბოლო ერთი წლის განმავლობაში 48%-ით შემცირდა, რაც ევროპულ ავიაკომპანიებს შორის ყველაზე ცუდი შედეგია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ