ქართული ღვინის ექსპორტი 43%-ით შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტზე გავიდა 23 895 ტონა ქართული ღვინო, საიდანაც მიღებულმა შემოსავალმა 71.534 მლნ დოლარი შეადგინა. ეს კი მაშინ, როცა 2024 წლის საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 126.155 მლნ დოლარის 45 098 ტონა ღვინო.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა იმ ღვინის მწარმოებელი ქართული კომპანიებით, რომელთა ბრუნვაც 2024 წელს (წინასწარი მონაცემებით) ყველაზე მაღალი იყო. საქსტატის მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციისა და საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით გთავაზობთ, ვის ეკუთვნის საქართველოში 10 უმსხვილესი ღვინის მწარმოებელი კომპანია:
სს „თელიანი ველი“ - რეესტრში დარეგისტრირდა 1997 წელს, დირექტორი თეიმურაზ ჯანყარაშვილია. Reportal.ge-ზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, 2023 წლისა და 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ჯგუფის აქციების 100%-ს ფლობდა სს „ჯორჯიან ბევერიჯის ჰოლდინგი“. სს „ჯორჯიან ბევერიჯის ჰოლდინგი“ და მისი შვილობილი საწარმოები ქართული ღვინის და ლუდის მწარმოებელი და ალკოჰოლური და არა ალკოჰოლური სასმელების წამყვანი მომწოდებლები არიან. სს „ჯორჯიან ბევერიჯის ჰოლდინგს“ აკონტროლებს სს „საქართველოს კაპიტალი“ (შემდგომში „საქართველოს კაპიტალი“). 2023 წლისა და 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ჯგუფის საბოლოო მშობელი საწარმოა საჯარო სააქციო საზოგადოება „Georgia Capital“ (შემდგომში „GCAP“), რომელიც გაერთიანებულ სამეფოში მდებარეობს და შესულია ლონდონის საფონდო ბირჟის ლისტინგში.
სს „თბილღვინო“ - საჯარო რეესტრში 1996 წელს დარეგისტრირდა. ბოლო ამონაწერით, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ მარგველაშვილია, ხოლო კომპანიის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. რაც შეეხება წილებს, reportal-ge-ს მონაცემებით, 2022 და 2023 წლების 31 დეკემბრის მდგომარეობით, გიორგი მარგველაშვილი და ზურაბ მარგველაშვილი კომპანიის 50-50%-ს ფლობენ.
შპს Bolero & Company - სამეწარმეო რეესტრის ბოლო მონაცემებით, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქე ვახტანგ კარიჭაშვილია, გენერალური დირექტორი - ირაკლი ბექაური, დირექტორი - დავით ბოჭორიშვილია. კომპანია ოპერირებს 2012 წლიდან.
შპს GVMT Group - კომპანია ეკუთვნის ზემოხსენებულ რუსეთ-საქართველოს ორმაგ მოქალაქეს ვახტანგ კარიჭაშვილს, დირექტორი კი ამ შემთხვევაში, გიორგი ბოლოთაურია. კომპანია რეგისტრირებულია 2013 წელს.
შპს „ალკოჰოლური სასმელების კომპანია ალავერდი“ - რეგისტრირებულია 2008 წელს. კომპანიის 100%-იან წილს სს „ჰარვესთ ალავერდი“ ფლობს, რომელიც 2019 წელს დაფუძნდა. 2023 წლისა და 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიის უშუალო მშობელი საწარმო იყო სს „ჯორჯიან ბევერიჯის ჰოლდინგი“ (შემდგომში „უშუალო მშობელი საწარმო“), რომელიც კომპანიას მართვის ხელშეკრულების საფუძველზე აკონტროლებს და კომპანიის სააქციო კაპიტალის 49%-ს ფლობს. სს „ჯორჯიან ბევერიჯის ჰოლდინგი“ სს „საქართველოს კაპიტალის“ შვილობილი საწარმოა. კომპანიის 51%-ის მფლობელი სხვა აქციონერები არიან ქართველი ფიზიკური პირები. 2023 წლისა და 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი მხარეა გაერთიანებულ სამეფოში რეგისტრირებული და ლონდონის საფონდო ბირჟაზე აღრიცხული საჯარო სააქციო საზოგადოება „Georgia Capital“ (შემდგომში „GCAP“ ან „საბოლოო მშობელი საწარმო“).
სს „კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა“ - რეესტრის მიხედვით, კომპანია 2010 წელს დარეგისტრირდა. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დავით დუგლაძე, წევრები კი ალექსანდრე ივანიშვილი და ეკატერინე დუგლაძე არიან. კომპანიის დირექტორად ფიქსირდება გოჩა გიოშვილი. სააქციო საზოგადოების მშობელი კომპანიაა შპს „აისი ინკია“. ამ უკანასკნელის 34%-იან წილს ფლობს ზაალ დუგლაძე, წილის მმართველი არის დავით დუგლაძე, 33-33%-იანი წილის მფლობელები დავით დუგლაძე და ალექსანდრე ივანიშვილი არიან.
სს „ბადაგონი“ 2003 წელს დარეგისტრირდა სამეწარმეო რეესტრში, 2018 წელს კი სააქციო საზოგადოებად გარდაიქმნა. reportal-ge-ს მონაცემების თანახმად, 2023 წლის მდგომარეობით, „ბადაგონის“ ერთადერთი აქციონერი გიორგი სალაყაია იყო. კომპანიის დირექტორად მარინა გიორგაძე ფიქსირდება. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან: გიორგი სალაყაია, გერმანე შენგელია, ელისაბედ ბაგრატიონი, ვალერიან გორგილაძე და ქეთევან ჯაველიძე.
შპს „დუგლაძეების ღვინის კომპანია“ - რეესტრში 2004 წელს არის რეგისტრირებული. რეესტრის ბოლო ამონაწერით, კომპანიის გენერალური დირექტორი არის დავით დუგლაძე. რაც შეეხება მეწილეებს, კომპანიის 25.66%-იან წილს ალექსანდრე ივანიშვილი ფლობს, 25.68%-ს - ზაალ დუგლაძე, თუმცა მისი წილის მმართველი დავით დუგლაძეა; თავად დავით დუგლაძე წილის 25.66-ს განკარგავს, ხოლო 23%-ს შპს „აისი ინკ“. ამასთანავე, „აისი ინკ“ რეგისტრირებულია 2016 წელს, 2024 წელს განახლებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიის დირექტორი დავით დუგლაძეა, მეწილეები კი ზაალ დუგლაძე (34%-განკარგავს დავით დუგლაძე), დავით დუგლაძე (33%) და ალექსანდრე ივანიშვილი (33%).
შპს „ასკანელი ძმები“ - კომპანიის დირექტორი არის ირაკლი უგულავა. რაც შეეხება წილს, 45%-ს შპს „ასკანელი ვაინერი&დისტილერი“ ფლობს, ხოლო რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქე გოჩა ჩხაიძე - 55%-ს. კომპანია სამეთვალყურეო საბჭოს მიერ იმართება, საბჭოს თავმჯდომარე რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქე ჯიმშერ ჩხაიძეა, ხოლო წევრები არიან თამთა ხარაიშვილი და გიორგი ჩქარეული.
შპს „კახური ღვინის მარანი“ - კომპანია საჯარო რეესტრში 2007 წელს არის რეგისტრირებული, ბოლო ინფორმაციის თანახმად, კომპანიის გენერალური დირექტორი და 100%-იანი წილის მესაკუთრე ნუგზარ ქევხიშვილია.
ცნობისთვის, ჩამოთვლილი კომპანიები რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული.