სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიას თვითმართველობებს და ფერმერებს გააცნობენ

სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიას ადგილობრივ თვითმართველობებს და ფერმერებს გააცნობენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის, სურსათის ეროვნული და სასოფლოს-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოების წარმომადგენლები ადგილობრივი თვითმართველობების შესაბამის სამსახურებსა და ფერმერებს დოკუმენტს -"საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია 2015-2020 წლები" და აგრარული დარგის ხელშეწყობის მიზნით მიმდინარე პროგრამების ძირითად მიმართულებებს გააცნობენ.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრები დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებშია დაგეგმილი - დასავლეთ საქართველოში 28-31 ივლისს (ზუგდიდი, ბათუმი, ქუთაისი, ოზურგეთი), ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 3-6 აგვისტოს (მარნეული, გორი, თელავი, ახალციხე). შეხვედრები ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების გაუმჯობესება და მცირე ფერმერების მხარდაჭერა" ფარგლებში და მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის პოლიტიკის ფორმირებაში ადგილობრივი თვითმმართველობებისა და ფერმერების თანამონაწილეობის გაზრდას.