დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის საჯარო ვერბალური დაპირისპირება გრძელდება და ამერიკის პრეზიდენტმა თავის ყოფილ თანამოაზრეს „ჭკუიდან შეშლილი“ უწოდა.
„კაცი, რომელიც ჭკუიდან შეიშალა. მასზე ფიქრიც კი არ მსურს“, - განაცხადა ტრამპმა ABC News-ის ეთერში მას შემდეგ, რაც მასკმა გააკრიტიკა და თქვა, რომ მისი დახმარების გარეშე არჩევნებს წააგებდა.
ასევე, მასკი გამოეხმაურა X-ზე ერთ-ერთი მომხმარებლის პოსტს, რომელიც ტრამპის იმპიჩმენტის და მისი ჯეი დი ვენსით ჩანაცვლების იდეით გამოვიდა. „დიახ“, - დაწერა მან პოსტის საპასუხოდ.
CBS-ის ცნობით, ტრამპი საკუთარი Tesla-ს გაყიდვას გეგმავს. გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყოფილი მეგობრები ტელეფონით ისაუბრებდნენ, პრეზიდენტმა უარყო და აღნიშნა, რომ მასკთან საუბარს არ აპირებს.
აღსანიშნავია, რომ გუშინდელი სკანდალური განცხადებებისა და კონფლიქტის კიდევ უფრო გაღვივების შემდეგ, მასკმა ერთ დღეში 34 მლრდ აშშ დოლარი დაკარგა - NASDAQ-ის ბირჟაზე, Tesla-ს აქციები 14.26%-ით დაეცა და აქციაზე 284.7 აშშ დოლარი შეადგინა.
Bloomberg-ის დაანგარიშებით, Tesla-ს კაპიტალიზაცია ერთ დღეში 150 მლრდ აშშ დოლარით არის შემცირებული და ახლა 915.75 მლრდ აშშ დოლარია.