„თუ არ ვაპირებთ, რომ სწორება ევროპულ ბაზრებზე ვაკეთოთ, რატომ ხარჯავს სახელმწიფო ფულს?!“

„ტურიზმის სფეროში ქვეყანა ურთიერთსაწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამს,“ - ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის თანადამფუძნებელმა თამუნა თანდაშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

„რა სარეკლამო კამპანიებიც არ უნდა მოაწყონ, ფაქტია, მმართველ გუნდში არის შეუთანხმებლობა - თუკი არ ვაპირებთ, რომ სწორება ევროპულ ბაზრებზე ვაკეთოთ, რატომ ხარჯავს სახელმწიფო ფულს? ჩვენ გადახდილ გადასახადებს ვანდობთ მთავრობის წევრებს, რომ ის დანიშნულებისამებრ გამოიყენოს. რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს დარგს ჩვენი პოლიტიკოსების განცხადებების მერე?!“ - აცხადებს თანდაშვილი.

ამასთან, მისივე თქმით, ქვეყანა ხარჯავს საკმაოდ დიდ ფულს ამა თუ იმ ავიაკომპანიის ბაზარზე შემოსასვლელად, მაგრამ რეალურად ეს ნაბიჯები შედეგის მომტანი არ არის.

„ერთიანობაში რომ ვთქვათ, არსებობს საავიაციო სტრატეგია, სადაც ირჩევენ, რომელი ავიაკომპანია უნდა შემოვიდეს ბაზარზე, რა მიზნით და რა მოლოდინები გვაქვს. ის, რომ ბრიტანეთის ავიახაზები შემოვიდა, უსასყიდლოდ არ მომხდარა. ბიუჯეტიდან 2-3 მლნ ევრო გადავიხადეთ. ბრიტანეთი არის მდიდარი სახელმწიფო, ჩვენ - ღარიბი. თუკი გვინდა, რომ ბრიტანეთიდან შემოვიდნენ ტურისტები, ამისთვის ვიხდით გარკვეულ საზღაურს, რასაც არ ვახმაურებთ ფართო მასებისთვის. ამასთან, გვაქვს მკაცრი სავიზო პოლიტიკა ბრიტანეთთან - ბევრი ქართველი ვერ წავა ლონდონში, შესაბამისად, ბიზნესს სჭირდება მოქნილობა სავიზო პოლიტიკის მიმართულებით. სწორედ ამიტომ იყო წარმატებული მოლაპარაკებები დუბაისთან, სადაც ორმხრივი უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა,“ - განაცხადა მან.

თამუნა თანდაშვილი აღნიშნავს, რომ მაღალმხარჯველიან ტურისტებს მხოლოდ სატელევიზიო რგოლებით ვერ მოვიზიდავთ.

„ახლა სწორება უფრო აზიურ ბაზრებზეა, მაგრამ მასტურიზმისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა არ გაგვაჩნია. უნდა ვიზიდავდეთ მაღალმხარჯველიან ტურისტებს, რომლებსაც უნდა დავახვედროთ ადეკვატური პროდუქტიც. თუ უსაფრთხოების ზომები არ იქნება ზედმიწევნით დაცული, ევროპული სტანდარტი არ იქნება განხორციელებული ტურიზმში, მაღალმხარჯველიან ტურისტებს, მხოლოდ სატელევიზიო რგოლებით, ვერ მოვიზიდავთ,“ - აცხადებს თამუნა თანდაშვილი.

ეკა დარჩიაშვილი