დავით სერგეენკო მედიკამენტებზე ფასების კლებას გამჭვირვალე კონკურენციის უზრუნველყოფით ვარაუდობს

ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო მედიკამენტებზე ფასების კლებას გამჭვირვალე კონკურენციის უზრუნველყოფით ვარაუდობს.

როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, გარკვეულ კომპანიებთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. "მეთოდი, რომლითაც შეიძლება მედიკამენტების ფასების შემცირება, ბევრნაირი არსებობს, მაგრამ ძირითადად, სამი ჯგუფისაა: ერთი არის სუბსიდირება, რაც ჩვენს შემთხვევაში არასწორი იქნებოდა. ამის რესურსი ახლა არც გვაქვს. მეორე იქნებოდა ხელოვნური ზღვარის დაწესება მოგების ზღვარზე, რომელიც ასევე ჩარევაა კერძო ინდუსტრიაში და მესამე არის გამჭვირვალე კონკურენციის უზრუნველყოფა მხოლოდ აუცილებელი პირობაა, რომ ხარისხის კონტროლის სისტემა გვქონდეს. სხვა შემთხვევაში შემოვა მედიკამენტები, რომელიც იქნება ძალიან იაფი, მაგრამ ხარისხი ძალიან საეჭვო იქნება და მოსახლეობას საფრთხეს შეუქმნის. ჩვენ მივდივართ ამ გეგმით. ახლა რადგანაც მოლაპარაკების ფაზაა, მე არ მაქვს უფლება, კონკრეტული კომპანიები დავასახელო, მაგრამ ეს კომპანიები იქნება ბევრად მეტი, ვიდრე მე მქონდა კომუნიკაცია, ვინაიდან ჩვენ შევქმნით სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ღია კონკურენციას და კომპანიების სახელებს უკვე აქვს მეორადი, მესამედი მნიშვნელობა. დაე, მოგვაწოდონ ხარისხიანი და ხარჯეფექტური პროდუქცია", - განაცხადა დავით სერგეენკომ.