აფხაზები რუსულ პასპორტებს მასიურად იღებენ - დამატებით კიდევ სამი “საკონსულო” პუნქტი იხსნება

რუსეთთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ აფხაზების მხრიდან რუსული პასპორტების მიღებაზე მოთხოვნა ისე გაიზარდა, რომ აფხაზეთში კიდევ სამი რუსული “საკონსულო” პუნქტის გახსნა იგეგმება.

ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ ოლეგ ბარციცმა TASS-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.

მისი თქმით, დამატებითი “საკონსულო” პუნქტების გახსნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აფხაზეთში ე.წ. რუსეთის საელჩოს პრეროგატივაა. კერძოდ, ერთი პუნქტი სოხუმში, მეორე გაგრაში, ხოლო მესამე, სავარაუდოდ, ოჩამჩირეში გაიხსნება.

ბარციცი ამბობს, რომ ე.წ. დამატებითი საკონსულო დაწესებულებების განლაგების გეოგრაფია სხვადასხვა რაიონის მცხოვრებლებისთვის მათი ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით იგეგმება. ასევე, შეიქმნება პირობები ორმაგი მოქალაქეობის მიღების მსურველთათვის, რომ ეს პროცედურა მარტივი იყოს და დიდი დრო არ მიჰქონდეს.

ცნობისთვის: რუსეთსა და აფხაზეთს შორის ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმება მიმდინარე წლის 25 აპრილს შევიდა ძალაში, როცა მხარეებმა მისი რატიფიკაციის შესახებ დოკუმენტები გაცვალეს. თავად ხელშეკრულებას 2022 წლის 27 სექტემბერს, მოსკოვში მოეწერა ხელი. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მისი რატიფიცირება 2022 წლის 30 დეკემბერს, ხოლო რუსეთის ფედერალურმა კრებამ 2023 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით მოახდინა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ