სემეკმა მოქალაქეებს ბუნებრივი გაზის ქსელზე მიერთების საფასური გაუნახევრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ვადების დარღვევის გამო ამხანაგობა "იმედს" ბუნებრივი გაზის ქსელზე მიერთების საფასური გაუნახევრა და შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისისთვის" 3200 ლარის გადახდის ვალდებულებისგან გაათავისუფლა.

სემეკის ინფორმაციით,  კომისიამ ანალოგიური მიზეზით კიდევ 7 მოქალაქეს ბუნებრივი გაზის ქსელზე მიერთების საფასური გაუნახევრა. მოქალაქეთა საჩივრები შეეხებოდა შპს "ყაზტრანსგაზ თბილისის" მიერ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ვადების დარღვევას. კომისიამ შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისს" მათი ქსელზე მიერთებისათვის გარკვეული ვადებიც დაუწესა.

"შეგახსენებთ, რომ თუ გამანაწილებელმა კომპანიამ არ განახორციელა ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთება განსაზღვრულ ვადებში (0–6 კუბ.მ/სთ სიმძლავრეზე მიერთების ვადა განისაზღვრება 40 სამუშაო დღით), ასეთ შემთხვევაში მიერთების საფასური ნახევრდება. კომისია, ასევე, შეახსენებს მოქალაქეებს, რომ თუ ენერგო და წყალმომარაგების კომპანიების მხრიდან მოხდება მათი უფლებების დარღვევა, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. ასევე, კონსულტაციების მიღება შეუძლიათ ტელეფონის ნომერზე 2420180 ან სემეკის ოფიციალურ facebook გვერდზე", - აცხადებენ სემეკში.