ჩინეთში კორონავირუსის ახალი ვარიანტი, HKU5-CoV-2 აღმოაჩინეს, რომელსაც საშიშ მუტაციას „ერთი ნაბიჯი“ აშორებს, რომ ახალი პანდემია გამოიწვიოს.
ინფორმაციას The Independent ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
HKU5-CoV-2 ე.წ. მერბეკოვირუსების ოჯახს მიეკუთვნება. ამ ოჯახში, ასევე, სასიკვდილო MERS-CoV-იც შედის, რომელიც 34%-მდე ლეტალობის მქონე ახლოაღმოსავლური რესპირატორული სინდრომის ვირუსია.
ამერიკელ მეცნიერთა ჯგუფის კვლევის შედეგების თანახმად, კორონავირუსის ახალ ვარიანტს, Covid-19-თან შედარებით, ცხოველების უფრო ფართო სპექტრის დაინფიცირება შეუძლია და შესაძლოა, სახეობებს შორის გადასვლის უფრო დიდი პოტენციალი ჰქონდეს. მკვლევარები ამბობენ, რომ ვირუსის ეკალ-ცილაში მცირე ცვლილება მას საშუალებას აძლევს, ადამიანის ყელში, პირის ღრუსა და ცხვირში ACE2-უჯრედებს მიეკრას.
„HKU5 დიდი ხანია, არ შესწავლილა, მაგრამ ჩვენი მონაცემები აჩვენებს, რომ ვირუსი ადამიანის ორგანიზმში შეღწევისგან მხოლოდ ერთი ნაბიჯით არის დაშორებული,“ - ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი, პროფესორი, მაიკლ ლეტკო.
ეს უნარი ვირუსის ახალ ტიპს ჯერ არ შეუძენია, თუმცა მას უკვე შეუძლია, ღამურების უჯრედები ეფექტურად დააინფიციროს, ხოლო „წარმატებული“ მუტაციის შემთხვევაში HKU5 როგორც სასუნთქ გზებში, ასევე, ნაწლავებში ადამიანის უჯრედების დაინფიცირებასა და მათში გავრცელებას შეძლებს.
ვირუსის შესწავლის დროს მეცნიერებმა HKU5-ის სპაიკ-ცილის შემცველი გენმოდიფიცირებული ფსევდოვირუსები გამოიყენეს და ისინი როგორც ღამურების, ასევე, ადამიანების ACE2-ის რეცეპტორების მქონე უჯრედებში შეიყვანეს. გარკვეული მუტაციების შეყვანის შემდეგ ვირუსმა ადამიანის უჯრედებში შეღწევა დაიწყო.
მანამდე ჩინეთის ქალაქ უხანის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ HKU5-ის ერთ-ერთ ვარიანტს ადამიანის ACE2-უჯრედებთან დაკავშირების უნარი უკვე ჰქონდა შეძენილი, რაც გადამტანი ცხოველის შუალედური მონაწილეობის გარეშე ადამიანების პირდაპირი დაინფიცირების შესაძლებლობაზე მიუთითებს.
თუმცა, მეცნიერების მტკიცებით, ამჟამად არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ ვირუსი ადამიანებს შორის უკვე ვრცელდება და საჭირო არის მჭიდრო მონიტორინგი, განსაკუთრებით, ჩინეთის ზოგიერთ რეგიონში, სადაც ველური ცხოველებით აქტიური ვაჭრობა მიმდინარეობს. ეს ადამიანზე ვირუსის გადასვლის რისკს ზრდის.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ