რატომ გაგვიცრუა მოლოდინი ეროვნულმა ვალუტამ?

"ვიდრე ქადაგიძე და მისი გუნდი არ შეიცვლება, ქართულ ლარს ვერაფერი უშველის"

მთავრობის მოლოდინი, რომ ზაფხულის პერიოდში ლარი გამყარდებოდა, ჯერჯერობით არ მართლდება. მიუხედავად იმისა, რომ ტურისტული სეზონი უკვე ძალაში შევიდა და ქვეყანაში უცხოური ვალუტაც შემოედინება, დღეს 1 დოლარი 2.2792 ლარი ღირს. შეგახსენებთ, რომ ლარმა აშშ დოლართან შედარებით გაუფასურება 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო, აპრილში კი, ლარის კურსმა ხუთი წლის მაქსიმუმს მიაღწია და 2.3650 გახდა.

რატომ არ გამართლდა მოლოდინი, რომ ზაფხულში ლარი გამყარდებოდა? -ამ შეკითხვაზე საზოგადოება 20/30-ის წევრმა, მიხეილ დუნდუამ გვიპასუხა: "ძირითადი მიზეზი გახლავთ ის, რომ ეროვნულმა ბანკმა ვერ გაამართლა იმედები და ვერ შეასრულა დაპირება, რომ რეფინანსირებით ლარის კურსის გაუარესებას არ გამოიწვევდა. რეფინანსირების მოცულობის შემცირებას დადებითი გავლენა უნდა მოეხდინა პროცესებზე, მაგრამ ქადაგიძის უწყებამ გაზარდა ბანკების წმინდა დავალიანება ეროვნული ბანკის მიმართ, რითაც ლარის სტაბილიზაცია დააბრკოლა. საბოლოო ჯამში, დღეს, კომერციული ბანკების დავალიანება ეროვნული ბანკის მიმართ სესხის სახით შეადგენს სულ მცირე, 680 მილიონ ლარს. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 80 მილიონი ლარი იყო, ხოლო 2013 წელს, პირიქით, ეროვნულ ბანკს ჰქონდა დავალიანება კომერციული ბანკების მიმართ. თუ შევხედავთ კორელაციას კომერციული ბანკების დავალიანებასა და ლარის კურსს შორის, დაახლოებით 90 პროცენტს მივიღებთ. ამ დონის კორელაცია არ არსებობს მაშინაც კი, როცა ფეხბურთელი პენალტს ურტყამს - მას 90%-იანი ალბათობით გოლი ვერ გააქვს. სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს ლარის კურსის დღევანდელ დონეს".

მიხეილ დუნდუას შეფასებით, უკვე 9 დღეა რეფინანსირების მაჩვენებელი 1 მილიარდს აჭარბებს, რაც დაუშვებელია: "კომერციული ბანკების წმინდა დავალიანება ეროვნული ბანკის მიმართ დაახლოებით, 680-700 მილიონის ფარგლებში მერყეობს, რაც საბოლოო ჯამში უარყოფითად მოქმედებს ლარის კურსზე. ქადაგიძე ყველანაირად ცდილობს დაამუხრუჭოს ლარის სტაბილიზაციის ლოგიკური პროცესი, რასაც ტურისტული სეზონი და სხვა ფაქტორები იწვევს და თუ ქადაგიძე მუდმივად ისეთ კონტრზომებს მიმართავს, როგორსაც ბოლო 9 დღის განმავლობაში ვხედავდით, ბუნებრივია, კვლავაც ხელს შეუშლის ლარის სტაბილიზაციის პროცესს. ამის შესახებ ლაპარაკობენ ყოფილი ჩინოვნიკები და ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი - რომან გოცირიძეც კი, რომელიც მსგავსი პოლიტიკის გატარების გამო ყოველთვის აკრიტიკებდა ეროვნულ ბანკს და ახლაც აკრიტიკებს. როგორც ჩანს, ქადაგიძის უწყებას და ქადაგიძეს არ სურთ ლარის სტაბილიზაცია. მერწმუნეთ, ეს არასწორი პოლიტიკა რომ არა, ლარის კურსი დღეს სტაბილური იქნებოდა."

უფრო მწვავედ აფასებს სიტუაციას ანალიტიკოსი ვაჟა კაპანაძე: "ჩემი ვარაუდით, ეროვნულ ბანკსა და "საქართველოს ბანკს" შორის არსებობს ალიანსი, რადგან კულუარული ინფორმაციით, ლარის კურსს სავალუტო ჯიხურებში სწორედ "საქართველოს ბანკი" განსაზღვრავს, ხოლო ოფიციალურად ანუ ბლუმბერგის სისტემის მიხედვით, ეროვნული ბანკი. კაციშვილმა არ იცის, ეროვნული ბანკი შეწონილ კურსს როგორ ანგარიშობს. აბა, როგორ შეიძლება ჩვენს ქვეყანაში დოლარიზაციის კოეფიციენტი იყოს 63? აქ მოთხოვნა-მიწოდებაზე კი არ არის ლაპარაკი, კომერციულ ბანკებს ლარი დოლარებში გადაჰყავთ და სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული. რატომ გადაჰყავთ ბანკებს აქტივები დოლარებში? - ეს უკვე ცალკე პრობლემაა. მე კიდევ ერთხელ ვკითხულობ: ვისი ცენტრალური ბანკია ეს - აშშ-ის, თუ საქართველოსი? ან რას მართავს ეროვნული ბანკი ამ ქვეყანაში - დოლარს, თუ ჩვენს ეროვნულ ვალუტას?"

ვაჟა კაპანაძის თქმით, აქტივების გადატანა უცხოურ ვალუტაში მკვეთრად უარყოფით გავლენას ახდენს ლარის კურსზე: "რატომ იქცევიან ამგვარად კომერციული ბანკები? - ჩვენ არ ვიცით და სწორედ ეს არის გამოსაკვლევი და გამოსაძიებელი. არ ვიცი, ეს შეგნებული პროცესია, თუ შეუგნებელი, მაგრამ უფრო მგონია, რომ ეს შეგნებული ქმედებებია. როდესაც ბანკებს აქვთ ლიკვიდურობის პრობლემა ანუ ლარი არა აქვთ, იმის მაგიერ, რომ დოლარი გამოიტანონ და გაყიდონ, პირიქით იქცევიან. საკვირველია, ვიდრე დოლარიზაციის მაჩვენებელი 100 პროცენტს არ მიაღწევს, ვერ გაჩერდებიან?! კანონით აკრძალულია, თორემ ალბათ ხელფასების გაცემასაც დოლარში დაიწყებდნენ. გამოსავალი ამ სიტუაციიდან ეროვნული ბანკის მმართველი გუნდის შეცვლაა ქადაგიძის მეთაურობით, მაგრამ ამისათვის საკმაოდ რთული პროცედურების გავლაა საჭირო. გიორგი ქადაგიძეს თებერვალში კი გასდის ვადა, მაგრამ თებერვლამდე ხომ დროა დარჩენილი?! ვიდრე ქადაგიძე და მისი გუნდი არ შეიცვლება, ეროვნულ ვალუტას არაფერი უშველის."

ვაჟა კაპანაძის აზრით, ლარის დღევანდელი კურსი ლოგიკური სულაც არ არის:

"ბავშვების ხელში ჩააგდეს ეროვნული ბანკი, თორემ შუა ზაფხულში, როცა ეკონომიკური აქტივობა მაღალია, მოსახლეობა ქალაქიდან წასულია და არანაირი მოთხოვნა ვალუტაზე არ არის, საიდან მივიღეთ ასეთი კურსი? ქადაგიძე ან დაგვცინის, ან ცდილობს, რომ როგორმე პოლიტიკური სიტუაცია დაძაბოს. სხვა სახელმწიფო სისხლის სამართლის საქმეს აღძრავდა მის წინააღმდეგ, მარტო იმპიჩმენტს კი არ გამოუცხადებდა. სხვათა შორის, მე მოვითხოვე, მოიწვიოთ პარლამენტის სხდომა, გავხსნათ ყველა მონაცემი და ვნახოთ, როგორ ადგენენ ლარის კურსს ბლუმბერგის სისტემის მიხედვით-მეთქი. მართლაც ძალიან საინტერესოა, როგორია არითმეტიკა, რომლითაც საშუალო შეწონილი კურსი გამოჰყავთ - ეს საკითხები შესასწავლი და გასარკვევია."

ხათუნა ჩიგოგიძე