გერმანიაში სოციალური მედიის მომხმარებლებისთვის შესაძლოა, ასაკობრივი შეზღუდვა დაწესდეს.
ამ ინიციატივით იუსტიციის მინისტრი, სტეფანი ჰიუბიგი გამოვიდა, რასაც Tagesschau ავრცელებს.
მინისტრი აცხადებს, რომ სოციალური მედიის გამოყენების მკაფიო და, უპირველეს ყოვლისა, ეფექტური ასაკობრივი შეზღუდვა ბავშვებს პირად ცხოვრებაში იცავს და მათ ჯანსაღ განვითარებას ხელს უწყობს.
„ბავშვებსა და მოზარდებს თვითგამოხატვის ზეწოლა კი არა, დაცვა სჭირდებათ,“ - ხაზგასმით ამბობს ჰიუბიგი.
მისი თქმით, ეს, ასევე, გაუადვილებს ცხოვრებას მშობლებს, რომლებსაც ყოველდღიურად შვილებთან სოციალურ მედიაში მათი აქტივობების განხილვა აღარ მოუწევთ.
მინისტრი დასძენს, რომ სკოლის მოსწავლეებსა და მოზარდებზე ასეთი შეზღუდვის დადებით ეფექტს სხვა ქვეყნების პირველი გამოცდილებაც ადასტურებს, სადაც უკვე „ნაკლები ბულინგი, მეტი კონცენტრაცია და მეტი სოციალური ურთიერთქმედებაა.“
ცნობისთვის: ნორვეგიის მთავრობა სოციალური მედიის მომხმარებლების მინიმალურ ასაკს 15 წლამდე გაზრდის, რომ მოზარდები და ბავშვები მავნე ზემოქმედებისგან დაიცვას. ამჟამად ონლაინ პლატფორმების გამოყენების მინიმალური ასაკი 13 წელია. თუმცა ნორვეგიის მედიის მართვის სამმართველოს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, სოციალურ მედიას 9 წლის ბავშვების, თითქმის, ნახევარი, 10 წლის ბავშვების 58% და 11 წლის ბავშვების 72% იყენებს.
ასევე, საფრანგეთის ხელისუფლებას სურს, სოციალურ მედიაზე წვდომის მინიმალური ასაკი ევროკავშირის დონეზე დადგინდეს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ