"არავის არასდროს უთქვამს, რომ ზედამხედველობის სამსახური ეროვნული ბანკის სისტემიდან გამოვა"

ფინანსთა მინისტრ, ნოდარ ხადურის განცხადებით, არავის არასდროს უთქვამს, რომ ზედამხედველობის სამსახური ეროვნული ბანკის სისტემიდან გამოვა. როგორც ხადურმა ჟურნალისტებს გუშინ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში.

"მთავრობაზე განვიხილეთ და ვიმსჯელეთ იმასთან დაკავშირებით, რომ შენიშვნების ძალიან დიდი ნაწილი იქნება გათვალისწინებული. სექტემბერის თვეში თბილისში ჩამოვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია, რომელთან ერთადაც ამას გავივლით და შევთავაზებთ კონკრეტულ გეგმას, თუ როგორ მოხდება ამის ასახვა მოქმედ კანონში. ასე რომ, მე ვერ ვხედავ ვერანაირ საჭიროებას დაედოს ვეტო ან გამოყენებული იყოს სხვა მექანიზმი", -განაცხადა ხადურმა.

მისივე თქმით, არავის არასდროს უთქვამს, რომ ეროვნული ბანკის სისტემიდან გამოვა ეს სამსახური და ასეთი პრობლემა არასდროს დამდგარა. "საბანკო ზედამხედველობის სამსახური იქნება ეროვნული ბანკის სისტემაში, მაგრამ არ იქნება ეროვნული ბანკის შემადგენლობაში. ჩვენ ვთავაზობთ, რომ იმ შენიშვნებიდან, რომელიც ბატონმა სადიკოვმა წარმოადგინა, მათ დიდ ნაწილს დავეთანხმებით და ამაზე ბატონ სადიკოვთან და სავალუტო ფონდის მისიასთან გავაგრძელებთ კომუნიკაციას", -განაცხადა ხადურმა.