პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ახალი სამედიცინო ცენტრი გაიხსნა

თბილისში, ვაჟა ფშაველას N 16-ში, სახელმწიფო პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ახალი სამედიცინო ცენტრი გაიხსნა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შპს "ჰემოლაინის" ახალი ცენტრის გახსნას ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ კომპანიის ლიტვის ეროვნული სისხლის ბანკის, იტალიური ბიოპროდუქტების წარმოებაში ლიდერი კომპანია "კედრიონის" და სლოვაკეთის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია "იმუნას" ხელმძღვანელები.

"კომპანია "ჰემოლაინი" დაფუძნდა პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში. ეს არის ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კომპანია, რომელიც ამზადებს სისხლის ბიოპრეპარატებს. ასეთი პროდუქცია, რაც აქ მზადდება, დიდი რაოდენობით შემოდიოდა იმპორტის სახით და დღეს გვექნება უკვე ადგილობრივი წარმოება. ამ საწარმოში გამოყენებულია ევროპული GPM სტანდარტები. საწარმო შექმნილია სხვადასხვა ქვეყნების წამყვანი კომპანიების გამოცდილების გათვალისწინებით. სახელმწიფო პროგრამამ - "აწარმოე საქართველოში" "ჰემოლაინი" დააფინანსა ნაწილობრივ, როგორც არის გათვალისწინებული. ძალიან კარგია, რომ საქართველოში დამზადდება ყველაზე თანამედროვე პრეპარატები, რომლებიც გამოყენებული იქნება, პირველ რიგში, ადგილობრივი მოთხოვნებისთვის და, რა თქმა უნდა, ექსპორტიც არის გათვალისწინებული", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, შპს "ჰემოლაინი" დონორული სისხლის კომპონენტებს ამზადებს და სისხლის პლაზმიდან უნიკალურ ფარმპროდუქტებს აწარმოებს. კომპანიის მიერ შეგროვებული პლაზმა გადამუშავდება იტალიელი პარტნიორის დახმარებით. წარმოების პროცესში გამოყენებული იქნება სისხლის ლაბორატორიული კვლევისა და შენახვის საერთაშორისო სტანდარტები. ამავდროულად, საწარმოო პროცესის შიდა მონიტორინგი განხორციელდება ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი რეგულაციებით, ევროსაბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და იტალიური პარტნიორი ფირმა "კედრიონის" მიერ დაწესებული მოთხოვნების შესაბამისად.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საბოლოო პროდუქტის ნაწილის რეალიზება საქართველოს ყველა რეგიონში მოხდება. ძირითად მომხმარებლებად განსაზღვრულია სამედიცინო სტაციონარული დაწესებულებები და ფარმაცევტული ქსელები. კომპანიის გაფართოების ფარგლებში დაგეგმილია ფილიალების გახსნა ქუთაისსა და ბათუმში. პროდუქციის დარჩენილი ნაწილი საექსპორტო ბაზარზე გავა. კომპანიაში დასაქმებულია 15-მდე ადამიანი. "საერთაშორისო სტანდარტების სამედიცინო ცენტრის გახსნა საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე წარმოებული პროდუქციის უნიკალურობის გათვალისწინებით მნიშვნელოვანი მოვლენაა. ჯამური საინვესტიციო ღირებულება 3 375 000 ლარია, იაფი სესხის მოცულობა კი 1 912 500 ლარს შეადგენს", - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.