„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან სანიკიძის განცხადებით, შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტროში განხორციელებული საკადრო ცვლილებები „შიდაკლანური დაპირისპირებით“ და სანქციებით არის გამოწვეული.
როგორც სანიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ცვლილებები მაინც ძალიან დიდი დარტყმა არის „ქართული ოცნებისთვის“.
„შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოველთვის მტკივნეულად მიმდინარეობს მსგავსი ტიპის გადაადგილებები, მით უმეტეს „ხარება“ არ იყო რიგითი ფიგურა „ქართული ოცნების“ შიგნით. ის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების და რეჟიმის მთავარი შემსრულებელი და „ზონდერი“ იყო. ეს არის გამოწვეული „შიდაკლანური“ დაპირისპირებით. ასევე, სანქციების პოლიტიკიდან გამომდინარე. რამდენიც არ უნდა თქვან: სანქციები არ მუშაობს, რომ ამას გავლენა არ აქვს, ფაქტია, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიერ სანქცირებული იყო, აღმოჩნდა იმ მდგომარეობაში, რომელშიც დღეს ბატონი ხარაზიშვილია. შეუძლებელია ამ სანქციების გვერდის ავლა და დასავლეთთან რაიმე სახის, თუნდაც ელემენტარული კომუნიკაციის წარმოება მანამ, სანამ ეს ადამიანები ხელისუფლებაში არიან. როდესაც ეს მდგომარეობა გვაქვს, დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის წარმოების შემთხვევაში, შესაძლებელია „ქართული ოცნება“ ისეთ დათმობებზე წავიდეს, როგორიც არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი არჩევნები და თავისუფალი ცენტრალური საარჩევნო კომისია“, - განაცხადა სანიკიძემ.