შაქარი, ზეთი, ფქვილი - რუსეთში სამი ძირითადი საკვები პროდუქტის წარმოება მკვეთრად შემცირდა

ძვირადღირებულმა სესხებმა, მაღალმა გადასახადებმა, მოსავლის შემცირებამ და იმპორტირებული თესლის ნაკლებობამ რუსეთში სამი ძირითადი საკვები პროდუქტის წარმოების მკვეთრი ვარდნა გამოიწვია.

“როსტატის” ცნობით, იანვარ-აპრილში შაქრის წარმოება რუსეთში, წინა წელთან შედარებით, 32.3%-ით, მზესუმზირის ზეთის 15.5%-ით, ხოლო ფქვილის 7.8%-ით შემცირდა.

მხოლოდ აპრილში რუსეთის ქარხნებმა, წინა წელთან შედარებით, მინუს 36.1%-ით, ანუ 35 ათასი ტონით ნაკლები შაქარი აწარმოეს. ზეთის წარმოება 15.6%-ით, ანუ 108 ათასი ტონით, ხოლო ხორბლისა და ჭვავის ფქვილის წარმოება 9.1%-ით, 72 ათასი ტონით შემცირდა.

ქვეყანაში საკვები პროდუქტების მთლიანმა წარმოებამ 2021 წლის შემდეგ პირველად დაიწყო კლება. კერძოდ, პირველი კვარტლის შედეგებით კლებამ 0.3% შეადგინა, ხოლო აპრილის ბოლოსთვის 0.7%-მდე დაჩქარდა.

შაქრის წარმოება რუსეთში შაქრის ჭარხლის მოსავლის შემცირებამ განაპირობა, რაც ადგილობრივ თესლზე გადასვლამ დააზარალა. აგრობაზრის კვლევის ინსტიტუტ IKAR-ის შეფასებით, ადგილობრივი თესლის მოსავლიანობა, იმპორტირებულთან შედარებით, 20-30%-ით ნაკლები აღმოჩნდა. გასულ წელს ფერმერებმა 44 მლნ ტონა შაქრის ჭარხალი მოიმკეს, რაც, წინა წელთან შედარებით, თითქმის, 10%-ით ნაკლებია.

ზეთისა და ცხიმპროდუქტების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი, მიხაილ მალცევი მარტში აცხადებდა, რომ მზესუმზირის ზეთის წარმოება მცირდება, რადგან ზარალი მოაქვს. მზესუმზირის მოსავლის დაუმუშავებელი სახით ექსპორტზე გაყიდვა უფრო მომგებიანი გახდა, რადგან ზეთის საცალო ფასები მწარმოებლების ხარჯს ვერ ფარავს, ხოლო საცალო მოვაჭრეები მათ გაზრდას ხელისუფლების ზეწოლის გამო არ რისკავენ. რუსეთში მზესუმზირის ზეთის, მინიმუმ, ორმა ქარხანამ წლის დასაწყისიდან ფინანსური პრობლემების გამო წარმოება უკვე შეწყვიტა.

რაც შეეხება ფქვილს, მისი წარმოებაც წამგებიანი გახდა. IKAR-ის გენერალურ დირექტორ დიმიტრი რილკოს შეფასებით, სექტორი ცენტრალური ბანკის მიერ ძირითადი განაკვეთის ზრდამ და სახელმწიფო მხარდაჭერის შემცირებამ დააზარალა. თებერვალში წისქვილკომბინატთა და მსხვილი საწარმოების კავშირმა სოფლის მეურნეობის სამინისტრო მასობრივი გაკოტრების საფრთხის შესახებ გააფრთხილა, რაც სესხებზე წლიური საპროცენტო განაკვეთის 25%-მდე ზრდა იწვევდა. ორი თვის შემდეგ, აპრილში რუსეთში ფქვილისა და პურის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი ჯგუფი, Grain Holding გაკოტრების პირას აღმოჩნდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ