„მაგნიტსკის სიაში“ შესულები და სანქცირებულები არ მგონია, რომ თანამდებობაზე ყოფნა-არყოფნის გამო ამოიღონ სიიდან“ - იურისტი

­იმის გათვალისწინებით, რომ სხვადასხვა ქვეყნის მიერ სანქცირებული პირების დიდი ნაწილი კვლავაც სისტემაში რჩება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უწყება „იმიჯის გამოსწორებაზე ზრუნავდეს“ - ასე ეხმაურება იურისტი ლევან ალაფიშვილი ბოლო დღეებში შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებებს.

ცნობისათვის, შინაგან საქმეთა სამინისტროში ბოლო პერიოდია საკადრო ცვლილებები ხორციელდება. 28 მაისს თანამდებობა დატოვა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, რომელიც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მირზა კეზევაძესთან ერთად აშშ-ის მიერ „მაგნიტსკის აქტის“ ფარგლებშია სანქცირებული.

გომელაური თანამდებობაზე ჩაანაცვლა გელა გელაძემ. ახალი შს მინისტრის დანიშვნის შემდეგ კადრების ცვლილება გრძელდება. მაგალითად, უკვე დატოვა თანამდებობა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სანქცირებულმა ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ.

პოსტს გამოემშვიდობა გდდ-ს უფროსი ზვიად ხარაზიშვილიც, რომელიც ასევე არაერთი ქვეყნის მიერ არის დასანქცირებული. ამავე დროს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი დატოვა თეიმურაზ კუპატაძემ, რომლის წინააღმდეგაც გატარებულია სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვები.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩამოთვლილი პირების ნაწილი სხვა თანამდებობებზე იქნა გადაყვანილი, მაგალითად სირაძე - თბილისის საპატრულო დეპარტამენტის უფროსად, ხოლო კუპატაძე - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარედ. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ეტაპზე უცნობია, ხარაზიშვილი ტოვებს უწყებას, თუ გადადის სხვა თანამდებობასა და დეპარტამენტში.

სამინისტრო განხორციელებული ცვლილებების პარალელურად აცხადებს, რომ საკადრო გადაადგილებები სისტემის „კიდევ უფრო მეტად გაძლიერებასა და განვითარებას ემსახურება“.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რას უკავშირდება სამინისტროში განხორციელებული გადაადგილებები - ეს არის საკადრო ცვლილება, რომელიც ახალი მინისტრის მოსვლას ახლავს თან, თუ მცდელობა, სანქცირებული პირების გადანაცვლებისა და საერთაშორისო დონეზე იმიჯის გამოსწორების. ამასთან დაკავშირებით იურისტ ლევან ალაფიშვილს ვესაუბრეთ.

როგორც იურისტი „ბიზნესპრესნიუსთან“ აღნიშნავს, ამ ეტაპზე მიმდინარე მოვლენებით მეტად სავარაუდოა ის მოსაზრება, რომ სისტემაში ცვლილებები ახალი მინისტრის დანიშვნას უკავშირდება. მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ სხვადასხვა ქვეყნის მიერ სანქცირებული პირების დიდი ნაწილი კვლავაც სისტემაში რჩება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უწყება „იმიჯის გამოსწორებაზე ზრუნავდეს“.

„ვარაუდები, რა თქმა უნდა, შეიძლება გამოითქვას, მაგრამ ჯერ ამ ვარაუდების დასაბუთებული საფუძვლები არ ჩანს. ფაქტია, რომ სანქცირებული პირების უმრავლესობა, თუ ყველა არა, შსს-ს სისტემაში შენარჩუნებული არიან დღემდე. აქედან გამომდინარე, რეპუტაციას ასეთი იმიჯშელახული პირების შენარჩუნება, როგორ გააუმჯობესებს? შესაძლოა, კონკრეტული პირი იმ ტიპის ხელმძღვანელი აღარ არის უწყებაში როგორიც იყო, მაგრამ უხელმძღვანელებს სხვა სამსახურს. მაგალითად, იკავებდა საპატრულო პოლიციის უფროსის პოსტს და ახლა თბილისის საპატრულო პოლიციის დირექტორი გახდა - ერთი დეპარტამენტიდან მეორეზე გადმოინაცვლა, როგორ შეიძლება რომ ეს რაიმე სახით რეპუტაციას აუმჯობესებდეს? ვარაუდი ამის შესაძლოა იყოს, მით უმეტეს არსებული საშინაო თუ საგარეო პოლიტიკური მოცემულობის გათვალისწინებით, მაგრამ ის რომ ვინმე ფიქრობდეს სახელმწიფოს ან კონკრეტული უწყების შელახული იმიჯის გამოსწორებაზე, ჯერჯერობით არ ჩანს“, - აღნიშნავს ლევან ალაფიშვილი.

ამასთანავე, იურისტი ამბობს, რომ თუ დაფიქსირდება სისტემიდან სრულად წასვლის შემთხვევები, ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, ვივარაუდოთ, რომ კონკრეტული პირები რეპუტაციის აღდგენაზე მუშაობენ, მაგრამ მისი თქმით ეს ნაკლებად სავარაუდოა.

მანვე დასძინა, რომ რაც არ უნდა სისტემიდან წავიდნენ თანამდებობის პირები, იმის გათვალისწინებით, რა მიზეზითაც არიან სანქცირებულები, „მაგნიტსკის სიიდან“ და სანქცირების რეჟიმიდან მათი გათავისუფლება ნაკლებად მოსალოდნელია.

„ამ ეტაპისთვის საკადრო გადაადგილებები ხორციელდება, რომელიც ყველა ამ ტიპის ორგანოს ხელმძღვანელის ცვლილებების თანმდევია ხოლმე. ვფიქრობ, რომ ეს უფრო საფუძვლიანია, მაგალითად, გომელაურის მიერ სულ ახლახან დაწინაურებული პოლიციის მაღალჩინოსანი ახალმა მინისტრმა გადააადგილა. ეს ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული ადამიანი წარმოუდგენია არა იმ ადგილას, რომელზეც ვახტანგ გომელაურს ჰყავდა, არამედ სხვა პოზიციაზე და გადააადგილა.

თუ შემდგომი გადაადგილებები გაგრძელდა, ვგულისხმობ ე.წ საკუთარი ნებით თანამდებობიდან წასვლებს, შემდეგ შეგვიძლია გამოვთქვათ ვარაუდი, რომ სანქცირებულ ადამიანებს იცილებს სისტემა. ეს ნაკლებ სავარაუდოდ მიმაჩნია, რადგან ამ ადამიანების მოცილება ძალიან გაუჭირდება მმართველ პოლიტიკურ ძალას, რადგან მათზე დგას რეალურად ბევრი რამ.

გარდა ამისა, სისტემაა სანქცირებული და კონკრეტული გვარ-სახელი სისტემაში იქნება თუ არა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის დიდად რაიმეს განმსაზღვრელი არ არის, მათ შორის დიდად მნიშვნელოვანი არც ამ თანამდებობის პირებისთვის იქნება, რადგან „მაგნიტსკის სიაში“ შესულები და კონკრეტული სახელმწიფოს მიერ სანქცირებულები არ მგონია, რომ თანამდებობაზე ყოფნა-არყოფნის გამო ამოიღონ სიიდან, თუ ჩავხედავთ იმ საფუძვლებს, რის გამოც მათ სანქციები დაუწესეს“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ ლევან ალაფიშვილმა.

მერი ტაბატაძე