რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის („ეფესბეს“) თანამშრომლებმა სოხუმის აეროპორტის საინჟინრო სამსახურის თანამშრომელი დააკავეს, რომელიც, მათი მტკიცებით, უკრაინის სამხედრო დაზვერვასთან თანამშრომლობდა.
ინფორმაციას TASS „ეფესბეს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაკავებული 1980 წელს დაბადებული რუსეთის მოქალაქეა, რომელიც „კონფიდენციალურ თანამშრომლობით ურთიერთობას ინარჩუნებდა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელთან და მათი დავალებით უკრაინულ მხარეს ინფორმაციას იმ სამუშაოს ხასიათის შესახებ აწვდიდა, რომელსაც ის, როგორც საინჟინრო-ტექნიკური სამსახურის სპეციალისტი სოხუმის საერთაშორისო აეროპორტში ასრულებდა.“
„ეფესბეს“ ცნობით, აღნიშნულმა პიროვნება საკუთარი ინიციატივით გეგმავდა უკრაინული მხარისთვის აეროპორტისა და მიმდებარე დახურული ავტოსადგომის გეგმა-სქემის მიწოდებას, რომელიც ოფიციალური საერთაშორისო დელეგაციების მისაღებად გამოიყენებოდა. გეგმა-სქემა შესაძლოა, ასაფეთქებელი ნივთიერების ჩადებით ტერორისტული თავდასხმის ჩასატარებლად გამოყენებულიყო.
„დაკითხვისას მან აღიარა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან თანამშრომლობა. მოგვაწოდა ინფორმაცია შესრულებული დავალებებისა და მისთვის დაკისრებული ამოცანების შინაარსის შესახებ, შეეგროვებინა ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის ოფიციალური პირების აფხაზეთში ვიზიტის შესახებ,“ - წერია „ეფესბეს“ განცხადებაში.
დაკავებულის წინააღმდეგ აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა სისხლის სამართლის საქმე ჯაშუშობის მუხლით აღძრა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ