გიორგი აბაშიშვილი: ამ სიტუაციაში ვეტო გარკვეული გამოსავალია

ამ სიტუაციაში ვეტო არა თუ საჭიროა, არამედ არის გარკვეული ტიპის გამოსავალიც, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკის საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო გამოშვება "ქრონიკაში" ჩართვისას "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, შეცდომაა, როდესაც ვეტო განიხილება, როგორც დაპირისპირების იარაღი, პოლიტიკური მოტივით გამოყენებული იარაღი ან პიარის ნიშანი. "ვეტო კონსტიტუციური ფუნქციიდან გამომდინარე თანამშრომლობის ნაწილია. ვეტო გვაძლევს საშუალებას ამ შემთხვევაში გამოსწორდეს ის შენიშვნები, ის შეცდომები, რომელზეც მთავრობა საუბრობს. ახლა ვეტო არის გამოსავალი, რომ მიღებულ იქნას კანონპროექტი, რომელიც თავსებადია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მოსაზრებებთან", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

პრეზიდენტის მრჩეველმა პრემიერისა და მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრების განცხადებების განსხვავებაზე გაამახვილა ყურადღება. "ძალიან საინტერესო ტენდენციას ვაკვირდებოდი ამ ორი დღის განმავლობაში. დღეს ძალიან საინტერესო იყო, რომ მოვისმინეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გუშინდელი განცხადებისგან რადიკალურად საპირისპირო განცხადებები საქართველოს მთავრობის ორი ვიცე-პრემიერისგან და ფინანსთა მინისტრისგან. კერძოდ, გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი საუბრობდა, რომ "ყველა შენიშვნა და რეკომენდაცია, რომელიც წარმოდგენილი იყო ევროკავშირის, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან, სრულად იქნა გათვალისწინებული". დღეს ორი ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი აცხადებდნენ, რომ თურმე არსებობს შენიშვნების რაღაც გარკვეული ნაწილი, რომელიც მომავალში უნდა იყოს გათვალისწინებული. თუ გუშინ ყველა შენიშვნა გათვალისწინებული იყო, მაშინ დღეს საიდან აღმოჩნდა შენიშვნების დიდი ნაწილი, რომელიც თურმე გასათვალისწინებელია?!", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა და დასძინა, რომ ამ პროცესში საჭიროა უფრო მეტი თანმიმდევრულობა.