ნოვოროსიისკიდან აფხაზეთის დე ფაქტო საზღვრამდე ზღვის წყლისა და ქვიშის ნიმუშები სტანდარტებს შეესაბამება, ხოლო სიტუაცია მკაცრად კონტროლდება.
ამის შესახებ TASS-ს “როსპოტრებნადზორის” პრესსამსახურში განუცხადეს.
„წელს შავი ზღვის სანაპიროზე სიტუაციის მეტად მკაცრი მონიტორინგი ტარდება, რაც აჩვენებს, რომ დღეს ნოვოროსიისკიდან აფხაზეთის საზღვრამდე ზღვის წყლისა და ქვიშის ნიმუშები სტანდარტებს შეესაბამება,“ - წერია განცხადებაში.
აპრილის პირველ რიცხვებში რუსი ეკოლოგი, გეორგი კავანოსიანმა საკუთარ Telegram-არხზე წერდა, რომ სატელიტურმა სურათებმა ქერჩის სრუტეში ჩაძირული ტანკერებიდან, სავარაუდოდ, საწვავის ახალი გაჟონვა დააფიქსირა. მან 31 მარტს გადაღებული სრუტის რადიოლოკაციური ფოტოსურათი გამოაქვეყნა, რომელზეც Volgoneft-ის ჩაძირული ტანკერების ფრაგმენტები ჩანს. სპეციალისტის თქმით, გამოსახულებები შესაძლოა, იმაზე მიუთითებდეს, რომ ერთ-ერთი ტანკერის, Volgoneft-239-ის წინა ნაწილიდან ნავთობპროდუქტების გაჟონვა გრძელდება. კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ანაპის მუნიციპალურმა სამსახურმა სანაპიროზე მაზუთის ბოლო ემისია 1 აპრილს დააფიქსირა.
სატელიტური სურათების საფუძველზე რუსეთის კოსმოსურ-ტექნოლოგიური კომპანია SR Data-ს ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ აპრილის ბოლოს მაზუთის ლაქა 2.175 კვადრატულ კილომეტრ ფართობზე გადაიჭიმებოდა, ხოლო შტორმის შემთხვევაში ტუაფსეში, სოჭსა და სევასტოპოლშიც გაჩნდებოდა. მაშინ ნავთობპროდუქტების მნიშვნელოვანი ნაწილი დაბალი ტემპერატურის გამო ფსკერზე იყო დალექილი, თუმცა თბილი ამინდების დაწყებისთანავე ზედაპირზე იწყებს ამოტივტივებას. შედეგად, SR Data პროგნოზირებს, რომ ანექსირებული ყირიმის სანაპირო ზოლის 115 კილომეტრი და კრასნოდარის მხარის სანაპიროს 85 კილომეტრი რისკის ქვეშ დადგება.
ცნობისთვის: ტანკერები, Volgoneft-239 და Volgoneft-212, რომლებსაც 9,2 ათასი ტონა მაზუთი გადაჰქონდათ, ქერჩის სრუტეში, კავკაზის პორტის სიახლოვეს გასული წლის 15 დეკემბერს ჩაიძირა. შედეგად შავ ზღვაში 4 ათას ტონაზე მეტი ნავთობპროდუქტი ჩაიღვარა. ჩაძირული ტანკერებიდან ნავთობპროდუქტები თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ჟონავდა და მისი ამოტუმბვის სამუშაოები მხოლოდ 19 იანვარს დაიწყო. რუსეთის ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შეფასებით, კრასნოდარის მხარის პლაჟები მაზუთისგან მხოლოდ 2026 წლის მაისისთვის გაიწმინდება. თუმცა რაიონში ეკოლოგიის გაუმჯობესებას შესაძლოა, 10-15 წელი დასჭირდეს. ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, წყლიდან ჩაძირულ ტანკერებს მხოლოდ 2026 წლისთვის ამოიღებენ.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ