დაკონსერვებული შემოვლითი რკინიგზის ავტომაგისტრალით ჩანაცვლება თბილისში სატრანსპორტო კოლაფს გაამწვავებს - TCRC

“დაკონსერვებული შემოვლითი რკინიგზის ავტომაგისტრალით ჩანაცვლება პერსპექტივაში თბილისში სატრანსპორტო კოლაფს გაამწვავებს” - ამის შესახებ ანალიზის სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი (TCRC) აქვეყნებს.

ამასთან, TCRC-ის შეფასებით, მოსალოდნელი მზარდი ტვირთნაკადის პირობებში, დაკონსერვებული თბილისის შემოვლითი რკინიგზის გაუქმება და მისი საავტომობილო მაგისტრალით ჩანაცვლება, პერსპექტივაში ქალაქის ცენტრალურ ნაწილში სარკინიგზო მოძრაობის გადატვირთვას ერთად, თანმხლებ ეკოლოგიურ პრობლემებს გაამძაფრებს.

„ეს თბილისში სატრანსპორტო კოლაფს გაამწვავებს“

“2025 წლის იანვარში მთავრობის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება თბილისის შემოვლითი რკინიგზის გაუქმების მისი ავტომაგისტრალით ჩანაცვლების შესახებ.

მარტივად რომ ავხსნათ, თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობაზე, რომელზეც ოდესღაც 250 მლნ აშშ დოლარი დაიხარჯა, საავტომობილო ავტომაგისტრალად გადაკეთება სახელმწიფოს დამატებით 300 მლნ დოლარი დაუჯდება.

საავტომობილო მაგისტრალის 22.5 კმ იანი მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც სარკინიგზო ტრასაზე გაივლის სავარაუდოდ, სახელმწიფოს ჯამში 550 მლნ დოლარი დაუჯდება.

ასეთი მოკლე მონაკვეთისთვის კოლოსალურ ფინანსურ დანახარჯს, რომ თავი დავანებოთ, პერსპექტივაში ქვეყანას ორის ნაცვლად მხოლოდ ერთი სახეობის – შემოვლითი საავტომობილო სატრანსპორტო არტერია ექნება,”- აღნიშნულია მოკვლევაში.

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში აღნიშნავენ, რომ თავის დროზე, შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის დაწყება ნაკარნახევი იყო საქართველოს რკინიგზაზე ტვირთნაკადების ზრდის დინამიკით, კერძოდ 2010 წელს რკინიგზის გადაზიდვა 20 მლნ ტონას შეადგენდა, მათ შორის მხოლოდ ტრანზიტი - 13.2 მლნ იყო, თითქმის იმდენი რამდენიც 2024 წელს საქართველოს რკინიგზამ ჯამურად გადაზიდა - 13.8 მლნ ტონა.

“დომინირებს მოსაზრება, რომ თავის დროზე შემოვლითი რკინიგზა წინასწარი ეკონომიკური დასაბუთების გარეშე დაპროექტდა და ლოკომოტივების ჯერადი წევის გამოყენება მნიშვნელოვნად ზრდის საექსპლუატაციო ხარჯებს და არარენტაბელურს ხდის მის მოვლა შენახვას.

აღნიშნული გარემოება სადაოა, რადგანაც შემოვლითი რკინიგზის დაპროექტება, იმ დროს ერთ - ერთმა ყველაზე კვალიფიცირებულმა საპროექტო ორგანიზაციამ “კიევგიპროტრანსმა” განახორციელა.

რკინიგზების დაპროექტების სპეციფიკიდან გამომდინარე, გამორიცხულია ასეთი პრესტიჟული ორგანიზაციის მიერ შესრულებული სამუშაო წინასწარი კვლევა - ძიების გარეშე და ტექნიკური დავალების გადახვევით შესრულებულიყო.

შემოვლითი რკინიგზის არარენტაბელობის შესახებ აგორებული კომპანია, პროექტის სამომავლო გაგრძელებისათვის არასაკმარისი ფინანსური სახსრებითა და ტვირთების დრამატული ვარდნით იყო განპირობებული", - აღნიშნულია ანალიზში.

მოკვლევაში ასევე მოყვანილია თბილისის შემოვლითი რკინიგზის გაუქმებასთან დაკავშირებით, ურბანისტების მოსაზრება.

კერძოდ, მათი ნაწილი თვლის, რომ საავტომობილო ინფრასტრუქტურა შემოვლითი რკინიგზის პროექტის ხარჯზე არ უნდა მოწყობილიყო. მათი შეფასებით, სრულიად შესაძლებელი იყო ერთდროულად საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა და რკინიგზისთვის შექმნილი ინფრასტრუქტურის შენარჩუნება.

"ურბანისტების მოსაზრებით – თბილისის ახალი შემოვლითი საავტომობილო გზის პროექტი მოკლევადიან პერსპექტივაში მიმზიდველია, მაგრამ პერსპექტივაში იმ შემთხვევაში როდესაც სარკინიგზო გადაზიდვების გაიზრდება ქვეყანა არსებული რკინიგზის ხაზის იმედად რჩება – რაც არასაკმარისია.

ურბანული, უსაფრთხოების და ეკოლოგიური პარამეტრების ეკონომიკურ პარამეტრებთან შედარებით, პრიორიტეტიზირების შემთხვევაში, ოპტიმალურ ვარიანტად შესაძლებელია მიჩნეული ყოფილიყო ნავთლუღი – დიდუბის მონაკვეთზე სარკინიგზო გვირაბის მოწყობა.

ამ ვარიანტის განხორციელების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა დეპოებისა და სატვირთო სადგურის გადატანა ავჭალისა და აფრიკის რაიონებში

და ნავთლუღიდან დიდუბემდე სარკინიგზო ინფრასტრუქტურისგან გამოთავისუფლებული დაახლოებით 70 ჰექტარი ტერიტორიის ქალაქისთვის გადაცემა.

მოცემულ ტერიტორიაზე გაჩნდებოდა რკინიგზის მიერ გაყოფილი ქალაქის ნაწილების დამაკავშირებელი გრძივი და განივი სატრანსპორტო დერეფნების, მათ შორის მსუბუქი სარელსო სამგზავრო ტრანსპორტის მოწყობის შესაძლებლობა.

სხვადასხვა კვლევების შეჯერების საფუძველზე, იკვეთება შემოვლითი რკინიგზის ოპტიმალური ვარიანტი – სატვირთო სარკინიგზო გადაზიდვების თბილისის შემოვლით რკინიგზაზე გადართვით (ლურჯი კონტური), ხოლო სამგზავრო გადაყვანების დატოვება და ცენტრალურ სადგურთან ბმის შენარჩუნება, დიდუბისა და ნავთლუღის სადგურებს შორის არსებული რკინიგზა სამგზავრო გადაყვანებისათვის შენარჩუნება (მწვანე კონტური), ამასთან, მოხდებოდა დამხმარე სარკინიგზო ინფრასტრუქტურის (სადგურები, დეპოები, ჩიხები და ა.შ.) დემონტაჟი და მისი თბილისის ზღვის ჩრდილოეთით გადატანა.

გამოთავისუფლებული ტერიტორიის არეალში – წერეთლის პროსპექტის პარალელურად დიდუბესა და ნაძალადევს შორის დამატებითი განივი კავშირებით (ესტაკადები) საავტომობილო მაგისტრალი მოეწყობა.

თბილისის მუდმივად მზარდი აგლომერაციის ფარგლებში, ბაქოს მსგავსად, შესაძლებელი იქნებოდა საგარეუბნო სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლის და მსუბუქი სარელსო ტრანსპორტის შეწყვილებული განვითარება. რითაც საავტომობილო საცობებთან დაკავშირებით მრავალი პრობლემის მოგვარდებოდა”, აღნიშნულია ანალიზში.

TCRC-ის შეფასებით, გადაწყვეტილება თბილისის შემოვლითი რკინიგზის გაუქმების და მისი ავტომაგისტრალით ჩანაცვლების შესახებ, დედაქალაქს შემოვლითი რკინიგზის პერსპექტივის გარეშე ტოვებს, რაც გაზრდილი ტვირთების პირობებში თბილისში სატრანსპორტო კოლაფს გაამწვავებს.

ნინი ქეთელაური