დავით დონდუა: ევროკავშირის მხრიდან დაწესებული იყო 12 სანქცია და ჩვენ აქედან ერთ-ერთს მივუერდით

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით დონდუას განცხადებით, საქართველო ევროკავშირის საბჭოს მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს ჯერ კიდევ გასულ წელს შეურთდა.

როგორც დავით დონდუამ ჟურნალისტებს განუცხადა, ევროკავშირის საბჭომ, 2014 წლის 23 აპრილს მიიღო დადგენილება რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპაციის კონტექსტში, ყირიმში ან სევასტოპოლში წარმოებული პროდუქციის ექსპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით. 

"ჩვენ მაშინ მივუერთდით ევროკავშირის ამ დადგენილებას. ეს ერთწლიანი დადგენილება იყო. სანამ ამოიწურებოდა ეს ერთწლიანი ვადა, 4 დღით ადრე, 19 ივნისს, მოხდა ამ დადგენილების ავტომატურად გაგრძელება და შესაბამისად ჩვენი მიერთებაც გაგრძელდა. ევროკავშირის მხრიდან დაწესებული იყო 12 სანქცია და ჩვენ აქედან ერთ-ერთს მივუერდით. ეს ეხება ოკუპაციის კონტექსტში, ყირიმში ან სევასტოპოლში წარმოებული პროდუქციის ექსპორტს. ეს ზუსტად იგივეა, რასაც ჩვენ ვთხოვთ ჩვენს პარტნიორებს აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში წარმოებული პროდუქციის ექსპორტზე. ჩვენ უბრალოდ არ გვქონდა იმის საშუალება არ მივერთებოდით, იმიტომ, რომ ზუსტად იგივეს ვითხოვთ ჩვენი პარტნიორებისგან ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართებაში. უბრალოდ ჩვენ არ ვიქნებოდით თანმიმდევრულები, რომ ასეთი რამე არ გაგვეკეთებინა. კიდევ ერთხელ ვამბობ - ახალი არაფერი მომხდარა", - განმარტა დავით დონდუამ.

ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დეკლარაციაში კი აღნიშნულია, 2015 წლის 19 ივნისს საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება #2015/959, რომლის მიხედვითაც, ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიასთან დაკავშირებით არსებული ზომები 2016 წლის 23 ივნისამდე შენარჩუნდება. დეკლარაციას უერთდებიან კანდიდატი ქვეყნები მონტენეგრო და ალბანეთი, EFTA-ს ქვეყნები - ისლანდია, ლიხტენშტეინი და ნორვეგია, აგრეთვე საქართველო და უკრაინა.