რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტის ორი მთავარი პუნქტი ნავთობიდან მიღებული შემოსავლების კიდევ უფრო შეზღუდვა და მილსადენ „ჩრდილოეთ ნაკადის“ აღდგენის თავიდან აცილებაა.
ამის შესახებ Financial Times (FT) წყაროებზე დაყრდნობით წერს.
ევროკომისია, ასევე, შეეცდება, მოსკოვის შესაძლო სასამართლო სარჩელებისგან ბელგია დაიცვას, სადაც რუსეთის სავალუტო რეზერვებიდან 190 მლრდ ევრო არის გაყინული.
გამოცემას სამმა ნაცნობმა პირმა განუცხადა, რომ ახალი პაკეტი ბარელ რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასის ამჟამინდელი 60 დოლარიდან 45 დოლარამდე შემცირებას მოიცავს. ამის გარდა, ის რუსული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის, მათ შორის, მილსადენ „ჩრდილოეთ ნაკადის“ ექსპლუატაციის აკრძალვას ითვალისწინებს.
ახლახან გერმანიის ახალმა კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან „ჩრდილოეთ ნაკადის“ აკრძალვაზე შეთანხმებას მიაღწია. იმ ინფორმაციის ფონზე, თითქოს, რუსი და ამერიკელი ბიზნესმენები „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გაშვების შესაძლებლობას განიხილავენ, კანცლერი მერცი ცდილობს, ჩაახშოს ნებისმიერი დებატები მოსკოვთან გაზზე თანამშრომლობის პოტენციური განახლების სარგებლიანობაზე.
FT-ის ცნობით, ახალი სანქციების პაკეტი, ასევე, მოიცავს რუსული ბანკებისა და ტანკერების დამატებითი რაოდენობის “შავ სიაში” შეყვანასა და ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულებით ბელგიისთვის დაცვის გარანტიების მინიჭებას.
ორი წყაროს თქმით, ისინი ოპტიმისტურად არიან განწყობილი, რომ პაკეტზე შეთანხმება ივლისის ბოლომდე იქნება მიღწეული.
ცნობისთვის: უკრაინელი ოფიციალური პირების შეფასებით, ნავთობის ექსპორტის სრული შეჩერება რუსეთს წელიწადში 60 მლრდ დოლარს დააკარგვინებს, რაც იმ ოდენობას შეესაბამება, რასაც მოსკოვი ამჟამად ომზე ხარჯავს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ