„ყაზახეთის მოქალაქეები თავად ხსნიან ავტოცენტრებს საქართველოში - ეს რისკად არ უნდა შეფასდეს, ყველაფერს კონკურენციამდე მივყავართ და ეს ნორმალურია“

ბოლო პერიოდში ქართველი ავტოიმპორტიორები საუბრობენ, რომ ყაზახი ბიზნესმენები საქართველოში ხსნიან ავტოცენტრებს, ჩამოჰყავთ ავტომობილები და თავადვე გაჰყავთ ყაზახეთში. ეს კი იმ ფონზე, როცა ყაზახეთი ავტობიზნესში ჩართული ქართველების ნაწილისთვის მნიშვნელოვანი ბაზარია. ექსპერტებიც შიშობენ, რომ არსებობს რისკი იმისა, რომ საქართველომ ავტომობილების ექსპორტის კუთხით ყაზახეთის ბაზარი „დაკარგოს“.

„ეს უნდა განვიხილოთ როგორც თანამშრომლობის ახალი ფორმატი“ - ასე პასუხობს ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი ჯახუტაშვილი „ბიზნესპრესნიუსს“, მისი თქმით, ეს პროცესი მიანიშნებს იმაზე, რომ ყაზახეთი ხედავს საქართველოში შექმნილ ხელსაყრელ პირობებს, რაც შესაძლებლობად უნდა იქნას აღქმული.

„აქ საშიში არაფერია, რადგან რეექსპორტის ეკონომიკის დიდი ნაწილი მაინც საქართველოში რჩება, რაც მოიცავს საიმპორტო ქვეყნებიდან მანქანის ტრანსპორტირების ოპერაციების სერვისებსა და საქართველოში შეკეთებას (მიწოდების ჯაჭვის ამ ორ ნაწილში ქართველი აქტორები უკონკურენტოები არიან უახლოესი 5 წელი), ხოლო ყაზახების მხრიდან კონკურენცია თეორიულად მანქანით ვაჭრობასა და საქართველოდან ყაზახეთში გადაზიდვაში შეიძლება აისახოს, თუმცა საბოლოოდ ყველაფერს კონკურენციამდე მივყავართ და ეს ნორმალურია“.

ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე საუბრობს აღნიშნული შესაძლებლობების ათვისებაზე და აღნიშნავს, რომ აუცილებელია ბაზრის მოთამაშეებმა მიიღონ კონკურენცია და ინდივიდუალურად გაძლიერდნენ.

„ყაზახეთში საქართველოდან ექსპორტის 87%-ს ავტომანქანები შეადგენს. ზოგადად დღეს ავტომობილები, საქართველოს ექსპორტში ლიდერია - 2024 წელს მხოლოდ ყაზახეთში დაახლოებით 600 მილიონი დოლარის ღირებულების მანქანა გავიდა. ეს ბაზარი ძირითადად რეექსპორტზეა დაფუძნებული - საქართველოში შემოდის მეორადი მანქანები (აშშ, იაპონია, კორეა), შემდეგ კი ყაზახურ ბაზარზე გადის.

ყაზახეთის მოქალაქეები თავადაც ჩამოდიან საქართველოში და საქართველოს ტერიტორიაზე ხსნიან ავტოცენტრებს. ისინი თავად ყიდულობენ, აფორმებენ, ამზადებენ მანქანებს და შემდეგ თავადვე გადაჰყავთ ყაზახეთში. ეს პროცესი მიანიშნებს იმაზე, რომ ყაზახეთი ხედავს საქართველოში შექმნილ ხელსაყრელ ინფრასტრუქტურას და რესურსს, რის გამოც, თავადაც ცდილობს აქტიური ჩართულობით ისარგებლოს იმ შესაძლებლობებით, რასაც ქართული ბაზარი სთავაზობს. ეს რისკად არ უნდა შეფასდეს, არამედ როგორც უკვე აღვნიშნე, უნდა განვიხილოთ როგორც ახალი შესაძლებლობა.

მაგრამ სხვა საკითხია ცენტრალური აზიის ბაზრის შემცირების რისკი, არა იმიტომ, რომ ყაზახეთის მოქალაქეები საქართველოში გარკვეულ საქმიანობას ეწევიან, არამედ ეს განაპირობა ჩინური ავტო ინდუსტრიის არნახულმა ზრდამ და ბაზრების ათვისების ტემპებმა, ასევე ყაზახეთში დასავლური, კორეული და ჩინური ავტომობილების ლოკალიზაციის (ადგილზე აწყობა/წარმოების) განვითარებამ.

ჩინეთი მსოფლიოში გახდა ყველაზე სწრაფად მზარდი ავტომობილების ექსპორტიორი. რაც ახალ კონკურენციას ქმნის იმპორტირებული მანქანების მიმართ. ფინანსურად ძალიან ხელმისაწვდომი გახდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალი ავტომობილები გარანტიით, როდესაც დასავლური მეორადი ავტომობილების შემთხვევაში ხარისხი ისედაც საეჭვო იყო და ფასიც იმპორტის რეგულაციებიდან გამომდინარე საკმაოდ მაღალი.

საქართველოსთვის ძალიან საყურადღებო უნდა იყოს ეს ტენდენცია და დღესვე უნდა განიხილებოდეს ეს საკითხი საჯარო და კერძო სექტორებში.

„ყაზახები ხსნიან ავტოცენტრებს საქართველოში-ეს რისკად არ უნდა შეფასდეს"

„ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ საქართველომ და ქართულმა ბიზნესმა განაგრძოს მონაწილეობა ამ სექტორში და მიიღოს ფინანსური სარგებელი საიმპორტო ბაზრებიდან მანქანის საქართველომდე ტრანსპორტირებით; ასევე, მანქანების ლოკალურად შეკეთებიდან (რადგან ყაზახეთში კანონმდებლობით დაზიანებული მანქანის იმპორტი აკრძალულია), ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტებიდან, სადაზღვევო სერვისებიდან და საბაჟო შემოსავლებიდან,“- აცხადებს „ბიზნესპრესნიუსთან“ ინტერვიუში გიორგი ჯახუტაშვილი.

ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ინიციატივით, უკვე მეხუთე წელია TBC Capital - თიბისი კაპიტალი ყაზახურ-ქართული ეკონომიკური კავშირების კრებსით (2006 წლიდან) სტატისტიკას ამზადებს. აღნიშნულ კვლევაზე დაყრდნობით, 2022 წლიდან საქართველოდან ცენტრალური აზიის ქვეყნებში ავტომობილების რეექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2015-2024 წლებში ყველაზე დიდი წილი (86%) ყაზახეთში რეექსპორტს შეადგენდა.

მერი ტაბატაძე