„10-დან 7 ტურისტი არის ემირატებიდან და აზიიდან“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ Travel To Georgia-ს დირექტორმა და გიდმა ლაშა ბერეკაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, წლევანდელ ტურისტულ სეზონზე განსაკუთრებულად გააქტიურდა ტურისტული ნაკადი ისრაელიდან. ამავე დროს, ქვეყანას სტუმრობენ რუსეთის, ჩინეთისა და ინდოეთის მოქალაქეებიც. ბერიკაშვილის თქმით, წინა წლებთან შედარებით გაზრდილია ინდოელი და ჩინელი ტურისტების რაოდენობა.
„ათიდან 7 ტურისტი არის ემირატებიდან და აზიიდან; შემდეგი მოდის რუსეთის მიმართულება (ჩვენ არ ვმუშაობთ რუსეთზე, მაგრამ ჩვენი კოლეგები მუშაობენ და აქედან გამომდინარე ვიცი მათი დატვირთულობა), ასევე წელს რადიკალურად გააქტიურდა ისრაელი, მათი დამოკიდებულის ფონზე თურქეთთან, ეგვიპტესა და სხვა ტრადიციულ ტურისტულ მიმართულებებთან, რადგან გარკვეულ ქვეყნებთან აქვთ გარკვეული პოლიტიკური პრობლემები, რამაც უბიძგათ, რომ ისევ საქართველოთი დაინტერესებულიყვნენ. ასევე, ინდოეთიდან და ჩინეთიდან უფრო მეტი რაოდენობის ტურისტია ჩამოსული, ვიდრე გასულ წლებში ყოფილა - ამას ხელი შეუწყო პირდაპირმა ავიარეისებმა. თუმცაღა ვისურვებდით, რომ სარეკლამო აქტივობების დიდი წილი ორიენტირებული ყოფილიყო ევროპიდან ტურისტების მოზიდვაზე“, - აღნიშნავს ლაშა ბერეკაშვილი.
რაც შეეხება მონახულებულ ადგილებს, უცხოელი ტურისტები საქართველოში სტუმრობენ დედაქალაქს, ყაზბეგს, აჭარაში - ბათუმს, იმერეთს, სვანეთსა და ა.შ. რესპონდენტი აღნიშნავს, რომ უფრო მეტი აქტივობაა საჭირო სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლსა და გურიაში, რადგან ეს რეგიონები ტურისტების ნაკლებობას განიცდიან.
„კახეთი, ყაზბეგი, თბილისი, მცხეთა, სვანეთი, ბათუმი და იმერეთი - ეს არის ის ძირითადი ადგილები, რომლებსაც ტურისტები სტუმრობენ. აღსანიშნავია, რომ იმერეთის ნაწილში ვგულისხმობ მღვიმეებსა და კანიონებს, ამის ხარჯზეა აქ ტურისტები. იმერეთის რეგიონს ამ ეტაპზე არ შეუძლია, სხვა მეტი დამატებითი ბენეფიტი შესთავაზოს ტურისტებს. რომ არა ეს მღვიმეები და კანიონები, ალბათ, იმერეთი ამოიშლებოდა ტურისტული მარშრუტებიდან. ქუთაისის აეროპორტი ერთი ღამის თევის ხარჯზე ავსებს დატვირთულობას ქალაქის სასტუმროებში“, - დასძინა მან.
ამასთანავე, ბერიკაშვილი საუბრობს შიდა ტურიზმის კუთხით არსებულ პრობლემებზე და ამბობს, რომ ამ მიმართულების განსავითარებლად „პრაქტიკულად, არაფერი კეთდება“.
„შიდა ტურიზმის მიმართულებით, პრაქტიკულად, არაფერი კეთდება. უფრო მეტი აქტივობით უნდა გამოირჩეოდეს ისეთი რეგიონები, რომლებიც ტურისტების ნაკლებობას განიცდიან - ეს არის სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, შიდა ქართლი, სამეგრელო და გურია, რომლებიც გამორჩეულად უნდა პოზიციონირებდნენ. თუმცა, მხოლოდ პოზიციონირებაც არ კმარა, საჭიროა ლოჯისტიკური ხაზების სწორად დალაგება.
თუნდაც რომ ავიღოთ მატარებლის საკითხი, დღემდე დიდი პრობლემას წარმოადგენს შიდა ტურიზმისთვის ის, რომ მატარებელი დედაქალიდან ისეთ დროს გადის და ბრუნდება, რომ არახელსაყრელია ტურისტებისთვის, ასევე სასკოლო ექსკურსიებისთვის. ევროპაში ყველგან ისეა ლოჯისტიკა აწყობილი, რომ ადამიანები ქალაქიდან ქალაქში მოგზაურობენ, დილით ჩადიან, ათვალიერებენ და ღამით უბრუნდებიან საცხოვრებელ ადგილს, ხოლო შიდა ტურიზმის ხარჯზე დიდი შემოსავალი რჩება ამა თუ იმ რეგიონს“, - განაცხადა ლაშა ბერეკაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.
ცნობისთვის, 2025 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ საქართველოში განხორციელდა 1 172 336 ვიზიტი. აქედან 80 896 ვიზიტი განხორციელდა ისრაელიდან, რაც წლიურად 73%-იანი ზრდაა.
გააქტიურებულია ჩინეთიც, მაგალითად საანგარიშო პერიოდში ამ მიმართულებიდან ქვეყანაში განხორციელდა 13 875 ვიზიტი, რაც 40%-იან მატებაზე მიანიშნებს.
ამავე პერიოდში ინდოეთიდან განხორციელდა 26 372 ვიზიტი (ზრდა 28%), ხოლო რუსეთიდან 219 264 ვიზიტი (+1.8%).
რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს, 2025 წლის პირველ კვარტალში 4.1%-ით შემცირდა წლიურად ვიზიტები და 73 886-ს მიაღწია.