როგორ მოვიყვანოთ მარწყვი ქოთნებში - გემრიელი და სასარგებლო ბიზნესი

დარეჯან კოკაია უკვე 45 წელია, მეყვავილეობას მისდევს. სენაკის რაიონში, სოფელ ნოსირში სათბურებს ფლობს, სადაც დეკორატიული მცენარეების გარდა, აქამდე ბოსტნეულიც მოჰყავდა. სულ ერთი წელია, საქმიანმა ქალბატონმა ახალი კულტურა - მარწყვი მოაშენა. ოთხ თანასოფლელთან ერთად, რომლებიც მისი ნათესავები არიან, კოოპერატივში გაერთიანდა და ევროკავშირის დაფინანსებაც მიიღო. როგორც თავად აცხადებს, ბიზნესი საკმაოდ მომგებიანი აღმოჩნდა, თუმცა, მის წარმატებაში თავდაპირველად ეჭვი დამფინანსებლებსაც კი ეპარებოდათ.

დარეჯან კოკაია, ფერმერთა კოოპერატივის „დკ ქოლგას“ დირექტორი: ყვავილები დიდი ხანია, მომყავს. ადრე მიხაკები იყო უფრო აქტუალური, ახლა ლილიებისა და ვარდების კულტივაციით ვარ დაკავებული. ბოსტნეულიც მომყავს, კიტრი, პომიდორი, მწვანილი.... მოკლედ, მესათბურეობაში დიდი გამოცდილება მაქვს. ერთი წლის წინ ჩემმა ნათესავმა, დათო კუჭუხიძემ, რომელსაც ასევე სათბური აქვს, საცდელად „სან ანდრეასის“ ჯიშის მარწყვი დარგო - ნერგები ესპანეთიდან იყო ჩამოტანილი და შოკური გაყინვით დაფასოებული. ძალიან კარგი შედეგი მიიღო, ამიტომ გადავწყვიტე, მეც მომეყვანა.. სხვათა შორის, იაფი სულაც არ არის - ერთი ძირი ერთი ლარი ღირს. სათბურის ასაწყობად საკმაოდ დიდი ინვესტიცია გვჭირდებოდა, დათომ კოოპერატივი დააფუძნა, იქ ხუთი ადამიანი გავწევრიანდით, სუყველა - ნათესავები. სახელმწიფომ 2400 ევროს ღირებულების ტრაქტორი 900 ლარად გადმოგვცა. შემდეგ სათბურის გაფართოებაზე ბიზნეს-გეგმა დავწერე, შევიტანე „ენპარდში“ (ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის), სადაც 25 ათასი ევრო გამოგვიყვეს. თანადაფინანსების სახით ჩვენ სათბურის კონსტრუქცია ჩავდეთ. ამ თანხით 5 ათასი ძირის გაშენება შევძელით.

- რატომ აარჩიეთ მაინცდამაინც ეს ჯიში, რა უპირატესობით სარგებლობს?

- პრაქტიკულად, მარწყვის საუკეთესო ჯიშია, მსხმოიარობით და ხარისხით გამოირჩევა: მარტში დავრგეთ და ივნისში პირველი ნაყოფი მივიღეთ. მარწყვს 10 თვის განმავლობაში ისხამს, მხოლოდ ორ-ორ კვირას „ისვენებს“, ყვავილობის დროს. პირველ წელს ერთი ძირი 600-700 გრამ კენკრას იძლევა, მეორე წელს - 1,2 -1,3 კგ-ს აღწევს. პროდუქტიულია სამი-ოთხი წლის განმავლობაში. ძალიან კარგი სასაქონლო გარეგნობა აქვს, მსხვილია და ძვირიც ღირს- ზამთარში ერთი კილოგრამის ფასი 10-12 ლარს აღწევდა, ზაფხულში კი 5 ლარზე ნაკლებად არ გაგვყიდია.

- კრიზისის ფონზე, როცა ძვირადღირებულ პროდუქტებზე მოთხოვნა შემცირებულია, რეალიზაცია არ გაგიჭირდათ?

- ყოველ სამ დღეში 10-15 კგ-ს ვკრეფთ და უპრობლემოდ ვყიდით. 100 კგ რომ მქონდეს, გასაყიდი მაინც არ დამრჩებოდა. რესტორნები, სასტუმროები და საკონდიტროები - ჩვენი კლიენტები არიან. თუკი თურქეთიდან შემოდის მილიონობით დოლარის მარწყვი და იყიდება, ესე იგი, ბაზარიც არის, ხომ ასეა?

- რადგან თურქული მარწყვი ახსენეთ, საინტერესოა, როგორ უწევთ კონკურენციას... ადგილობრივი მეწარმეები, რომლებსაც სათბურში ბოსტნეული მოჰყავთ, ხშირად ჩივიან, რომ ბუნებრივი აირი ჩვენთან ძვირია, შესაბამისად, იმპორტირებული სიიაფის გამო მომხმარებლისთვის უფრო მისაღებია ...

- სათბურს თხილის ნაჭუჭით ვათბობთ - ცხრა სპეციალური ღუმელი გვაქვს დამონტაჟებული, ნაჭუჭს კი გადამამუშავებელი ქარხნებიდან ვყიდულობთ. თუმცა, სიმართლე რომ გითხრათ, სამეგრელოში ძალიან ცივი ზამთარი არ არის. ცელოფანი, რომელიც სათბურს აკრავს, სითბოს კარგად ინარჩუნებს. როცა გარეთ 5 გრადუსი ყინვაა, შიგნით 0 გრადუსია. მარწყვის ეს ჯიში 15 გრადუსზე თავს კარგად გრძნობს, ასე რომ ხანდახან გათბობაც კი არ გვჭირდება.

- გასაგებია, რომ ენერგორესურსებში ფულს ზოგავთ, მაგრამ რამდენია დანახარჯი მცენარეთა მოვლის საშუალებებზე?

- მინერალები, მიკროელემენტები, სასუქები მარწყვს, რა თქმა უნდა, სისტემატურად სჭირდება, განსაკუთრებით ეფექტურია ორგანული სასუქი - ნაკელი. კარგი ხარისხის პრეპარატები ძვირი ღირს. თუმცა, საერთო ჯამში, ჩემს სათბურში ამ მიმართულებით წელიწადში, დაახლოებით, 1000 ლარს ვხარჯავ. ერთი შეხედვით, დიდი თანხაა, მაგრამ ტვირთად არ მაწვება.

- რამდენად რთულია მარწყვის მოყვანა, ტექნოლოგიები როგორ აითვისეთ?

- წიგნი მოვიძიე და შევისწავლე, განსაკუთრებული სირთულე არ ახასიათებს. სხვათა შორის, ყველა ძირმა, რომელიც დავრგე, გაიხარა, არცერთი გაფუჭებულა.

- როგორც წესი, მარწყვის კრეფა საკმაოდ მძიმე შრომად ითვლება, რამდენად მოითხოვს ფიზიკურ დატვირთვას?

- კრეფა იმდენად რთული არ არის, რადგან, როგორც ხედავთ, მარწყვი ქოთნებშია ჩარგული, მიწა მუჩირებულია, პარკით დაფარული. თუმცა, გასხვლა გაცილებით დიდ შრომას მოითხოვს. პწკარები სწრაფად ეზრდება, კვირაში ერთხელ გასხვლა სჭირდება. თუ არ მოაცილე, ნაყოფს აღარ დაისხამს. თან მარწყვს ფოთლები მორიგეობით აქვს, მის მოცილებასაც ცოდნა და სიფრთხილე უნდა. სულ სათბურში ვართ მთელი ოჯახი, ხალხსაც ვქირაობთ.

- კოოპერატივების შექმნისას განსაკუთრებულ პრობლემად მიიჩნევენ ნდობის ფაქტორს, თქვენ არ გაგიჭირდათ ერთად მუშაობა?

- ჩვენ ხომ ერთმანეთის ნათესავები ვართ, უცხო პირის შემოშვება კი ადვილი ნამდვილად არ არის, ზოგს მუშაობა ეზარება, უფრო იოლად უნდა ცხოვრება... თუმცა, კოოპერატივის გარეშე ვერც ტრაქტორს ვიყიდდით და ვერც სათბურს გავაფართოვებდით. გრანტით, სხვათა შორის, მიკროავტობუსიც შევიძინეთ, რომლითაც პროდუქცია ჩაგვაქვს დიდ ქალაქებში, ქუთაისსა თუ ბათუმში და იქ უფრო კარგ ფასად ვყიდით. თავიდან ჩემი სოფლელები ჩვენს წამოწყებას ეჭვით უყურებდნენ, ახლა რამდენიმეს სურვილი გაუჩნდა, შემოგვიერთდნენ. ვნახოთ, როგორ განვითარდება ბიზნესი.

- გასაგებია, რომ პრაქტიკოსი ფერმერი ხართ, მაგრამ მეორე საკითხია ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვა, პროექტის წარდგენა და ორგანიზაციების დარწმუნება ფულის გამოყოფაში, ეს არ გაგიჭირდათ?

- მთავარი მაინც იდეაა.. დავდიოდი გამგეობებში შეკრებებზე, ტრენინგები გავიარე ბიზნეს-პროექტის წერაზე. თან გამოცდილება მაინც თავისას შვრება. პირველად მარწყვის წარმოების იდეას „ენპარდშიც“ უნდობლად შეხვდნენ.. მაგრამ როცა თავად უცხოელი სპეციალისტი ჩამოვიდა და საკუთარი თვალით შეაფასა ბიზნესის პერსპექტივა, ძალიან მოეწონა.

- რადგან სტარტით კმაყოფილი ხართ და მოთხოვნაც მზარდია, სავარაუდოდ, გაფართოებაზეც იფიქრებთ..

- მინდა ძირების რაოდენობა 5 ათასიდან 20 ათასამდე გავზარდო. ნერგების ყიდვა აღარ დამჭირდება, თავად გამომყავს. სტელაჟების დამონტაჟებაა საჭირო - თან შრომა გაგვიმარტივდება - მიწაზე დახრა აღარ მოგვიწევს, თან ახალი სათბურის მშენებლობას თავიდან ავიცილებთ, რაც საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ჩემი სათბურის ფართობი 500 კვადრატული მეტრია, სტელაჟების 3-4 რიგის დამონტაჟება თავისუფლად შესაძლებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომიწევს სათბურის გაფართოება 2 ათასი კვადრატულ მეტრამდე, რისი რესურსიც არ მაქვს.

- რა თანხაა საჭირო სტელაჟების დასამონტაჟებლად?

- 10 ათას ლარამდე მჭირდება ყველა სამუშაოსთვის. ეს ისედაც მქონდა გათვალისწინებული საგრანტო პროექტში, თუმცა, ხარჯები, როგორც ჩანს, ზუსტად ვერ გავთვალე. გადავწყვიტე, რომ ფინანსური რესურსის მოძიება ახლა სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოდან“ ვცადო. გუშინ უკვე დავრეგისტრირდი.

- საერთო ჯამში, ყვავილების მოყვანა უფრო რენტაბელურია, ბოსტნეულის, თუ მარწყვის?

- ყველაფერს თავისი დადებითი მხარე აქვს. მარწყვს კარგი ფასი აქვს, მაგრამ პომიდორსა და კიტრს საკუთარი მოხმარებისთვისაც ვიყენებ, გარდა ამისა, მწვანილი და სალათები ზამთარში დიდი მოთხოვნით სარგებლობს. როცა ქუთაისში პროდუქცია მიმაქვს გასაყიდად, ყველაფერს თხოულობენ და ყიდულობენ. სამივე კულტურა ერთმანეთს ავსებს.

ბელა ნოზაძე