ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მაღალსიჩქარიანი ინტერნეტინფრასტრუქტურის განვითარების პროექტს განახორციელებს

რეგიონებში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტინფრასტრუქტურის განვითარების პროექტს არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი "ოფენნეტი" განახორციელებს, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ირაკლი ქაშიბაძემ განაცხადა. მისი თქმით, პროექტის ფარგლებში 2000-მდე დასახლებული პუნქტი დაიფარება.

"პროექტის განსახორციელებლად მთავრობა საუკეთესო პრაქტიკებს გამოიყენებს, რომელიც ქვეყანას საშუალებას მისცემს, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი მოსახლეობას დაბალ ფასად მიაწოდოს. ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითს ლიტვა წარმოადგენს. ლიტვაში ინტერნეტიზაციის მაღალი მაჩვენებლის მისაღწევად სახელმწიფო კომპანია შეიქმნა, რომელმაც ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის შექმნა იქ განახორციელა, სადაც ოპერატორებს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი არ ქონდათ დაგეგმილი. ლიტვის სახელმწიფო ოპერატორმა ასევე ქვეყანას საშუალება მისცა, ბაზარზე განვითარებულიყო კონკურენცია და ახალი, მცირე და საშუალო პროვაიდერები გაჩენილიყო. იდენტური მოდელით ინტერნეტქსელის განვითარება საკმაოდ ბევრ ქვეყანაში ხორციელდება, მათ შორის აშშ-ში, ირლანდიაში, სინგაპურსა და სხვა ქვეყნებში", - განაცხადა ქაშიბაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით საქართველოს მთავრობა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ღია დაშვების პრინციპზე დამყარებული საბითუმო ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის განვითარებას უზრუნველყოფს.  ქაშიბაძის განმარტებით, განხორციელდება საქართველოს მასშტაბით ღია ინტერნეტდაშვების წერტილების ფორმირება, რომელიც მცირე და საშუალო ინტერნეტპროვაიდერებს, რომელთა რაოდენობა 120-ს აღემატება, საშუალებას მისცემს, საქართველოში თავისი მომსახურება განავითარონ.

მისივე თქმით, ინფრასტრუქტურის ფორმირებისთვის უკვე შექმნილია არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი "ოფენნეტი", რომელიც პროექტის განსახორციელებლად აქტიურ სამუშაოებს ატარებს. კომპანია რამდენიმე დღის წინ შეიქმნა. "აღნიშნული უწყება, რომელიც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ბაზაზე ფუნქციონირებს, განახორციელებს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტინფრასტრუქტურის განვითარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. იდენტიფიცირებულია დონორები, რომელთა ფინანსური რესურსის გამოყენებით პროექტი განხორციელდება", - განაცხადა ქაშიბაძემ.

მისი თქმით, პარალელურად, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დაწყებული აქვს საქართველოს მასშტაბით საზოგადოებრივი ინოვაციების ცენტრების ფორმირების პროცესი. როგორც ქაშიბაძე ამბობს, უკვე შერჩეულია 4 ლოკაცია. ცენტრები, რომლებიც მოსახლეობას ახალ ტექნოლოგიებს გააცნობენ, უზრუნველყოფენ რეგიონებში მოსახლეობის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, შეიქმნება ჭოპორტში, ხარაგაულში, ამბროლაურსა და გორში.