გიორგი მარგველაშვილმა "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტს ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტს ვეტო დაადო. შესაბამისი განცხადება გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

"ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტი, რომელიც ეროვნული ბანკისგან საბანკო

ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფასა და მის ცალკე სააგენტოდ ჩამოყალიბებას გულისხმობს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარლამენტისგან 22 ივლისს მიიღო. პრეზიდენტმა მოტივირებული შენიშვნების მომზადებისა და კონსულტაციებისთვის 10 კალენდარული დღე განსაზღვრა. საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, მომზადდა მოტივირებული შენიშვნების სახით ჩამოყალიბებული კანონპროექტი, რომელიც საბანკო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკის შემადგენლობაში დარჩენას გულისხმობს.

მთავრობა და საპარლამეტნო უმრავლესობის წარმომადგენლები ვეტოს დადების საფუძველს ვერ ხედავენ. მათი განცხადებით, კანონპროექტის არსებულ რედაქციაში საერთაშორისო ორგანიზაციების შენიშვნები გათვალისწინებულია. ამასთან, როგორც მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, სექტემბერში კანონპროექტში საერთაშიროსო სავალუტო ფონდის მიერ გამოთქმული შენიშვნებიც აისახება.