საქართველოს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე სომხური კონიაკით დატვირთული რამდენიმე ათეული სატვირთო ავტომობილი კვლავაც გაჩერებულია.
სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, საქართველოს გამშვებ პუნქტზე სომხური კონიაკით დატვირთული 72 სატვირთო ავტომობილია გაჩერებული, 52-მა კი საზღვრის გადაკვეთისა და რუსეთში შესვლის ნებართვა მიიღო.
ამავე დროს, TASS წერს, რომ სომხეთის საბაჟო სამსახურმა საკონტროლო-გამშვები პუნქტებით საქართველოში სატვირთო ავტომობილების გატარება დროებით შეაჩერა, რადგან საქართველოში სომხეთიდან რუსეთში ტრანზიტით მიმავალი სატვირთო მანქანების დიდი რაოდენობა დაგროვდა, რისი მიზეზიც საქართველოს მესაზღვრეების მხრიდან განსაკუთრებული მკაცრი კონტროლია.
სომხეთის საბაჟო სამსახურის ცნობით, სატვირთო ავტომობილების გატარება მას შემდეგ განახლდება, რაც ქართული მხრიდან სიტუაცია მოგვარდება.
„სუბიექტის სასარგებლოდ ინიცირებული ზომა დროებითია, ვიდრე ქართული მხრიდან გამტარუნარიანობის საკითხი არ მოგვარდება“, - აღნიშნულია საბაჟო სამსახურის განცხადებაში.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რატომ ყოვნდება სატვირთოები საქართველოს საზღვარზე. როგორც შემოსავლების სამსახურში განგვიმარტეს, აღნიშნულ ტვირთზე კანონით გათვალისწინებული საბაჟო პროცედურები მიმდინარეობს.
„თქვენ მიერ, დასახელებული ტვირთის მიმართ მიმდინარეობს კანონმდებლობის შესაბამისი საბაჟო ფორმალობები. დღეის მონაცემებით, უკვე გაშვებულია 51 სატვირთო ავტომობილი“, - განუმარტეს „ბიზნესპრესნიუსს“ შემოსავლების სამსახურში.