სოლიდური დანაზოგი, ბინა საფრანგეთში და ნაკვეთები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში - რა ქონებას ფლობს გიორგი გახარია

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ ქონებრივი დეკლარაცია 2025 წლის 27 იანვარს განაახლა.

დოკუმენტის მიხედვით, გახარიას ოჯახს საქართველოში არ უფიქსირდება საცხოვრისი, თუმცა ფლობენ ბინას საფრანგეთში.

უფრო კონკრეტულად „ბიზნესპრესნიუსი“ გახარიას მიერ შევსებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით გთავაზობთ, რა ქონებას ფლობს პოლიტიკოსი:

რა ქონებას ფლობს გიორგი გახარია

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, არც გიორგი გახარიას და არც მისი მეუღლის სახელზე არ არის რეგისტრირებული ბინა ან საცხოვრებელი სახლი საქართველოში. თუმცა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2020 წელს გახარიას მეუღლემ 472 400 ევროდ შეიძინა 83 კვ.მ ბინა საფრანგეთში.

აღსანიშნავია ისიც, რომ საფრანგეთში ბინის გაქირავებიდან 2024 წლის განმავლობაში შემოსავლის სახით ოჯახმა 10 000 ევროს ოდენობით თანხა მიიღო.

ამასთან, გახარიას საკუთრებაშია ორი მიწის ნაკვეთი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში. ორივე უძრავ ქონებაში ჯამში, 85 000 ლარი გადაიხადა. აქედან ერთი მიწის ფართობი 3385 კვ.მ-ია, ხოლო მეორის 2792 კვ.მ.

რაც შეეხება მოძრავ ქონებას, გიორგი გახარიას მეუღლის სახელზე ორი ავტომობილი ფიქსირდება. ერთი, Toyota RAV 4, რომელიც 2016 წელს 22 000 დოლარად არის შეძენილი, ხოლო მეორე 2019 წლიანი Toyota C-HR, რომელიც 2021 წელს 22 000 ევროდ იყიდეს. საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას ავტომობილი არ უფიქსირდება.

დეკლარაციის შევსების მომენტში გახარიას სხვადასხვა ბანკის ანგარიშზე ჰქონდა 5470 ლარი, 923 დოლარი და 1000 ევრო. მისი მეუღლის საბანკო ანგარიშზე კი 278 ლარი, 3464 ევრო ფიქსირდებოდა. ამასთან, მასვე ერთ-ერთ ბანკში ანაბარზე ჰქონდა 29 927 ევრო.

გარდა ამისა, გიორგი გახარია ქონებრივ დეკლარაციაში უთითებს, რომ დანაზოგის სახით აქვს 44 000 ლარი, 10 000 დოლარი და 10 000 ევრო.

რაც შეეხება ხელფასს, გასული წლის განმავლობაში დეკლარაციის მიხედვით გახარია დასაქმებული არ ყოფილა. მისი მეუღლე კი მუშაობდა ერთ-ერთ კლინიკაში ლაბორატორიული მედიცინის ექიმ-სპეციალისტის პოზიციაზე, შესრულებული სამუშაოსთვის კი 2024 წელს ხელფასის სახით 33 457 ლარი მიიღო.

მერი ტაბატაძე