გარემოს ეროვნულმა სააგენტომ თბილისის შემოვლითი გზის წიწამური-ავჭალის უბნის (ლოტი 2) მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა.
„გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გაიცემა განუსაზღვრელი ვადით“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში.
აღნიშნული გადაწყვეტილება გაცემულია საავტომობილო გზების დეპარტამენტზე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს რიგი ღონისძიებების გატარება, მათ შორის:
- სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე სააგენტოში წარმოადგინოს განახლებული ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის გეგმა;
- ექსპლუატაციის ეტაპზე უზრუნველყოს მაგისტრალის გასწვრივ ტერიტორიაზე დაგეგმილი მწვანე ბარიერების/ბიომრავალფეროვნების ეფექტიანობის მონიტორინგი;
- საქმიანობის განხორციელება უზრუნველყოს წარმოდგენილი გზშ ანგარიშის, დამატებითი დოკუმენტაციის, გარემოზე მოსალოდნელი ზემოქმედების შემარბილებელი ღონისძიებების წარდგენა;
- მშენებლობის ეტაპზე, უზრუნველყოს ხმაურსა და ვიბრაციაზე მონიტორინგის განხორციელება და ა.შ.
სად გაივლის თბილისის შემოვლითი გზის პირველი მონაკვეთი
ინფორმაციისთვის, წიწამური-ავჭალის უბნის (ლოტი 2) მონაკვეთი წარმოადგენს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოვლითი გზის - ნატახტარი - რუსთავის მონაკვეთის ოთხი ლოტიდან ერთ-ერთს, რომელიც იწყება სოფ. წიწამურთან, მცირე მანძილზე მიუყვება არსებული გზის დერეფანს, მცხეთის ჯვრის ზონაში სცილდება აღნიშნულ დერეფანს, შედის გვირაბში და მთავრდება თბილისში, ავჭალის ტერიტორიაზე.
საპროექტო მონაკვეთის (ლოტი 2-ის) სიგრძე შეადგენს დაახლოებით 7 კმ-ს. საანგარიშო საპროექტო სიჩქარეა 120 კმ/სთ. სავალი ზოლების რაოდენობა შეადგენს 4-ს, სავალი ზოლის სიგანე 3.75 მ-ს, საპროექტო გზის ვაკისის სიგანე შეადგენს 27.6 მ-ს, საიდანაც 2 x 7.5 მ არის სავალი ნაწილის სიგანე.
შეგახსენებთ, რომ თბილისის შემოვლითი გზის (ნატახტარი (წიწამური)-რუსთავის გზის) საპროექტო სიგრძე დაახლოებით, 51 კილომეტრია. პროექტი სულ 4 ლოტად არის დაყოფილი და სხვადასხვა ტერიტორიებს მოიცავს. კერძოდ:
- ნატახტარი (წიწამური)-ავჭალას (ლოტი 2) მონაკვეთი - სიგრძე 6.5 კმ.-ია; პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 4-ზოლიანი საპირისპირო მიმართულების გზის; ასევე ორი კვანძისა და 3.4 კმ. სიგრძის საპირისპირო მიმართულების ორზოლიანი გვირაბის მოწყობა; მშენებლობის ღირებულება - 150 მლნ დოლარია;
- ავჭალა-აეროპორტის (ლოტი 3) მონაკვეთი - სიგრძე - 22.5 კმ.-ია; პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 16 ხიდის (გასასვლელების/გზასატარების, საფეხმავლო გადასასვლელების და კვანძის შემადგენლობაში მოსაწყობის ჩათვლით), 4 კვანძის, 4 ახალი გვირაბის მშენებლობა და 4 არსებული გვირაბის ადაპტირება; სავარაუდო მშენებლობის ღირებულება - 300 მლნ დოლარია;
- აეროპორტი-ლოჭინის უბნის (ლოტი 4) მონაკვეთი - სიგრძე - 10.9 კმ.ია; პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დაგეგმილია 3 კვანძის მშენებლობა, 16 ხიდის (გასასვლელების/გზასატარების, გადასასვლელების და კვანძის შემადგენლობაში მოსაწყობის ჩათვლით), და 2 საფეხმავლო ხიდის (გეზ-ის და კახეთის გზატკეცილის ზონაში) მოწყობა. დაგეგმილი ხიდებიდან ერთს აქვს უშუალო შეხება მდინარესთან (მდ.ლოჭინის კვეთა).; მშენებლობის ღირებულება - 100 მლნ დოლარია;
- ლოჭინი-რუსთავის (ლოტი 5) მონაკვეთი - სიგრძე - 11 კმ.-ია; პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 2 კვანძის მშენებლობა; საავტომობილო გზის დერეფანში გათვალისწინებულია 9 სახიდე გადასასვლელის (6 ხიდი თითო მიმართულებით მთავარ გზაზე და 3 ხიდი მეორად გზაზე და გზაგამტარებზე) მოწყობა; მშენებლობის ღირებულება - 70 მლნ დოლარია.