კახეთში ჯილეხის ვაქცინაცია მიმდინარეობს

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები კახეთის ტერიტორიაზე საქონელში ჯილეხის გამოვლენის გამო იძულებით ვაქცინაციას ახორციელებენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში კარდენახსა და ჯიმითში 809 სული ცხოველი აიცრა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე კი 706 სული ცხოველია ვაქცინირებული. ასევე სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროს იორის საძოვრებში ვაქცინაცია 96 სულ ცხოველს ჩაუტარდა.

სააგენტოში აცხადებენ, რომ წელს კახეთის რეგიონში საქონლის ჯილეხით დაავადების 7 შემთხვევა ლაბორატორიული კვლევის შედეგებით დადასტურდა. დაავადების კერებში ვეტერინარულ - სანიტარული წესების დაცვით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა და გამოცხადდა კარანტინი, რაც მეცხოველეობის პროდუქტების რეალიზაციის და ცოცხალი ცხოველებით ვაჭრობის შეზღუდვას ითვალისწინებს. სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯილეხით დაავადების შემთხვევები აღინიშნა იმერეთში, სამცხე ჯავახეთში, კახეთსა და ქვემო ქართლში. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით ჯილეხზე პროფილაქტიკური ვაქცინაცია 511029 სულ შინაურ ცხოველს ჩაუტარდა.

სააგენტოს განმარტებით, ჯილეხი ადამიანისა და ცხოველის საერთო მწვავე ინფექციური დაავდებაა. ჯილეხის სპორა ნიადაგში საუკუნეების განმავლობაში ძლებს და შესაბამის პირობებში აქტიურდება.  "სამწუხაროდ მოსახლეობა ხშირად ცხოველის დაცემის ან დაავადების შესახებ ინფორმაციას მალავს და ზოგჯერ საკვებადაც მოიხმარს. ასეთი შემთხვევა აღინიშნა ლაგოდეხის სოფელ გელათში, როცა მეპატრონემ სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებს საქონელის დაცემის შესახებ არ აცნობა და დაავადებული საქონელი დაკლა. ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც მოსახლეობა სააგენტოს სპეციალისტების რეკომენდაციების არ ითვალისწინებს. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, დაავდების ნიშნების გამოვლენისთანავე დაუკავშირდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს ადგილობრივი სამმართველოს სპეციალისტებს", -აცხადებენ სააგენტოში.

მათივე თქმით, დაუშვებელია დაცემული საქონლის თვითნებურად დაკვლა. ასევე სააგენტო შეახსენებს ხორცის რეალიზატორებს, დაუშვებელია სასაკლაოს გვერდის ავლით დაკლული საქონლის რეალიზაცია, რომელსაც ვეტერინარული მოწმობა "ფორმა-2" არ გააჩნია. სააგენტოს განცხადებით, საეჭვო წარმომავლობის ხორცის დახლზე მოხვედრა მოსახლეობის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.