„მათი [კომპანიების] მომგებიანობა არის ჩვენი მოგების მთავარი წყარო“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ საპენსიო ფონდის საინვესტიციო სამსახურის მთავარმა საინვესტიციო ოფიცერის მოვალეობის შემსრულებელმა, ანა ნაჭყებიამ განაცხადა.
მისივე თქმით, „საქართველოს საპენსიო ფონდის აქციების პორტფელის დაახლოებით, 40% ამერიკაშია ინვესტირებული, სადაც დაახლოებით 500 კომპანიაშია განთავსებული აქციები და ეს კომპანიებია: Apple, Amazon, Microsoft, Nvidia, Tesla და ა.შ. მათი მომგებიანობა არის ჩვენი მოგების მთავარი წყარო“, - აცხადებს ის.
ანა ნაჭყებიან საპენსიო დანაზოგით სარგებლობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ დროისთვის ფონდით 20 000-მა ადამიანმა ისარგებლა.
„სანდოობა იზრდება და ამას ხელს უწყობს ის ფაქტი, რომ ადამიანების რაოდენობა, ვინც დანაზოგით ისარგებლა, სულ უფრო იზრდება. ამ ეტაპზე დაახლოებით, 20 000 ადამიანია, ვინც საპენსიო დანაზოგით ისარგებლა. 10 წლის მერე დანაზოგები უფრო მაღალ ნიშნულს მიაღწევს, რაც ჩვენი სანდოობის ზრდას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა მან.
რაც შეეხება პორტფელის შეცვლის თემას, ნაჭყებიას თქმით, ყველას აქვს საშუალება ცვლილება მოახდინოს.
„კანონის თანახმად, პირველი პორტფელი, რომელშიც ხვდები ავტომატურად, არის კონსერვატიული პორტფელი, შესაბამისად, ჩვენი მონაწილეების 99% სწორედ ამ პორტფელშია. ყველა მონაწილეს აქვს საშუალება, თვითონ შეიცვალოს პორტფელი. ბოლო 2 წელია ამ მხრივ გარკვეული აქტივობა არის. წელსაც დაახლოებით 4.5 მლნ ლარის აქტივების გადატანა მოხდა კონსერვატიულიდან დინამიკურ პორტფელში, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი რიცხვი და ის მონაწილეების არჩევანზეა დამოკიდებული“ - აღნიშნა მან.
ცნობისთვის, დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობა სავალდებულოა ყველა დაქირავებით დასაქმებულისთვის. საპენსიო კანონის თანახმად, ყველა დამსაქმებელი ვალდებულია მისი დასაქმებულები ჩართოს დაგროვებით საპენსიო სისტემაში. დასაქმებულთა ხელფასის 2%-ის ტოლი შენატანის კონტრიბუციის ვალდებულება აქვს დამსაქმებელს, ასევე 2% იხდება დასაქმებულის მიერ, ხოლო 2%-ს სახელმწიფო იღებს საშემოსავლო გადასახადიდან და საპენსიო ფონდში მიმართავს. სქემაში ჩართვა ნებაყოფლობითია თვითდასაქმებულისთვის.
საპენსიო ფონდის ბოლო სტატისტიკით, ამ დროისთვის დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეთა რაოდენობა 1 622 000 ადამიანია. საპენსიო აქტივების ღირებულება, კი შეადგენს 6.9 მლრდ ლარს, მათ შორის დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.7 მლრდ ლარს გადააჭარბა.