გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მომზადებულ კანონპროექტს ქვეყნისთვის ოპტიმალურ გამოსავლად მიიჩნევს

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტის სახით შემუშავებული მოტივირებული შენიშვნებით, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და საზედამხედველო პოლიტიკის ეფექტურობა ძლიერდება.

დღეს გამართულ ბრიფინგზე გიორგი მარგველაშვილმა განმარტა, რომ პროექტი საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ევროკავშირთან კონსულტაციის გზით მომზადდა. პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ დეპუტატები შინაარსობრივად ჩაუღრმავდებიან საკითხს და ქვეყანას სწორ და გაწონასწორებულ კანონმდებლობას მისცემენ.  "მინდა, ხაზი გავუსვა - არსებულ ვითარებაში, როცა ჩვენი მთავრობის წარმომადგენლები გვესაუბრებიან იმის თაობაზე, რომ კანონი სექტემბერში ხელახლა უნდა შეიცვალოს, სწორედაც ჩვენს მიერ შეთავაზებული კანონპროექტი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან კონსულტაციის გზით არის გავლილი. მინდა ხაზი გავუსვა, რომ არსებულ ვითარებაში ეს კანონპროექტი არის ოპტიმალური გამოსავალი ქვეყნისთვის და არის ოპტიმალური კანონმდებლობის დამდგენი ამ სფეროში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში პარლამენტის მიერ განხორციელებულ ცვლილებებს ხელი არ მოაწერა და საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ეროვნული ბანკიდან საბანკო სფეროს ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფას ითვალსწინებს, ვეტო დაადო.