მიწის ნაკვეთი, ავტომობილები და ანაბრები - რა ქონებას ფლობენ პარლამენტის წევრი მარიამ ლაშხი და მისი მეუღლე

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა, პარლამენტარმა მარიამ ლაშხმა ქონებრივი დეკლარაცია 2024 წლის 30 აპრილს განაახლა.

დოკუმენტის მიხედვით, პოლიტიკოსს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. დეპუტატი ფლობს მიწის ნაკვეთს მცხეთაში და როგორც მას, ისევე მის მეუღლეს ჰყავთ მსუბუქი ავტომობილები.

უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ ლაშხის მიერ შევსებულ დოკუმენტზე დაყრდნობით გთავაზობთ, რა ქონებას ფლობს „ქართული ოცნების“ დეპუტატი:

დეკლარაციის მიხედვით, მარიამ ლაშხი ფლობს 700 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში. აღნიშნული ნაკვეთი საჩუქრად 2023 წლის აპრილში მიიღო, უძრავი ქონების ღირებულება კი 77 000 აშშ დოლარად არის შეფასებული.

ასევე, მის საკუთრებაშია Hyundai ix35-ის ტიპის ავტომობილი, რომელიც 2015 წელს, 12 000 აშშ დოლარად შეიძინა. მისი მეუღლის საკუთრებაშია Toyota Rav4, რომლის სანაცვლოდ 2021 წელს 12 300 აშშ დოლარი აქვს გადახდილი.

დეკლარაციის შევსების მომენტში, ლაშხს სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ჰქონდა 1 954 ლარი და 294 აშშ დოლარი, ანაბრებზე კი 16 672 ლარი და 10 921 აშშ დოლარი. მის მეუღლეს, საბანკო ანგარიშებზე ჰქონდა 14 437 ლარი, ხოლო ანაბრებზე 3050 ლარი და 1 153 აშშ დოლარი. რაც შეეხება სესხს, პოლიტიკოსს ერთ-ერთ ბანკში 199 500 ლარის იპოთეკური სასესხო ვალდებულება ჰქონდა, მის მეუღლეს კი - 18 998 ლარის.

2023 წლის 1-ლი იანვრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში, ლაშხმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტზე 46 310 ლარი გამოიმუშავა; ერთ-ერთ უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორის რანგში კი 10 255 ლარი.

მისი მეუღლე, დროის ამავე მონაკვეთში, პაშა ბანკის კონსულტანტი გახლდათ და ხელფასის სახით 36 662 ლარი მიიღო, უნიქარდის კონსულტანტის პოზიციიდან კი 56 608 ლარი.

ირაკლი ფოფხაძე