რუს ტურისტებს თურქეთში დასვენებას საქართველოში ჩამოსვლა ურჩევნიათ

რუსი ტურისტები თურქეთს საქართველოს არჩევენ

თურქეთში უცხოელი ტურისტების რიცხვი ივნისში წინა წელთან შედარებით, თითქმის, 5 %-ით შემცირდა და 4 მილიონ 123 ათასი შეადგინა. როგორც თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს ვებ-გვერდზეა აღნიშნული, ძირითადი შემცირება რუსეთიდან შემომავალ ნაკადს დაეტყო: მეზობელ ქვეყანას ჩრდილოეთიდან შარშანდელთან შედარებით 153 ათასი ტურისტით ნაკლები ესტუმრა და 653 ათასით განისაზღვრა. მიზეზად ანკარაში რუბლის გაუფასურებას ასახელებენ. თუმცა, რუსეთი ვიზიტორების მიხედვით მაინც პირველ ადგილზე იმყოფება და სერთო რაოდენობაში 16%-ს შეადგენს. სამაგიეროდ, 36 ათასით გაიზარდა გერმანელ ტურისტთა რიცხვი თურქეთში და 557 ათასს მიაღწია, მესამე ადგილზე - 358 ათასით - ბრიტანეთია.

აღსანიშნავია, რომ ტურისტთა საერთო რაოდენობაში ქართველ დამსვენებლებს ბულგარეთის შემდეგ მეხუთე ადგილი უკავია. როგორც ჩანს, ეკონომიკურმა კრიზისმა და ლარის დევალვაციამ ჩვენი თანამემამულეები დიდად ვერ შეაშფოთა. მათი რაოდენობა უმნიშვნელოდ (3% -ით შემცირდა) და 160 ათასით განისაზღვრა.  მეექვსე ადგილზე, 154 ათასი ვიზიტორით, ირანი აღმოჩნდა.  აღსანიშნავია, რომ ორი წლის განმავლობაში თურქეთში ირანელ ტურისტთა რაოდენობა ზუსტად 30%-ით გაიზარდა. ანუ, მას შემდეგ, რაც საქართველომ ამ ქვეყანასთან სავიზო რეჟიმი გაამკაცრა.

თურქეთისგან განსხვავებით, ივნისში საქართველოში რუს ტურისტთა 47%-იანი ზრდა დაფიქსირდა - მათი რიცხვი, დაახლოებით, 30 ათასით გაიზარდა და 90 ათასამდე მიაღწია.

სამაგიეროდ, 20%-მდე შემცირდა ვიზიტორების რიცხვი თავად თურქეთიდან და 114 ათასით განისაზღვრა, თუმცა, ქვეყნებს შორის, ის მაინც პირველ ადგილს იკავებს. ივნისში სტუმართა რაოდენობა 15%-ით გაიზარდა აზერბაიჯანიდან, ხოლო 33%-ით სომხეთიდან. სულ ივნისში საქართველოში ვიზიტორების 9,3%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ბელა ნოზაძე