Barbie-ის თოჯინების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანია Mattel-მა სტარტაპ OpenAI-სთან შეთანხმება გააფორმა, რომლის მიხედვითაც, ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები მისი ბრენდის სათამაშოებისა და სხვა პროდუქტების დასაპროექტებლად იქნება გამოყენებული.
ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
სააგენტოს ორივე კომპანიაში განუცხადეს, რომ თანამშრომლობა საწყის ეტაპზეა და პირველი რელიზი წლის ბოლოსთვის არის მოსალოდნელი. შედეგად შესაძლოა, Mattel-ის პერსონაჟებზე დაფუძნებული ციფრული ასისტენტები ან უფრო ინტერაქციული სათამაშოები და თამაშები შეიქმნას.
Mattel „თამაშებში ხელოვნური ინტელექტის მაგიის შეტანას ინოვაციაზე, კონფიდენციალურობასა და უსაფრთხოებაზე ფოკუსირებით“ გეგმავს.
Bloomberg-ის შეფასებით, ეს ნაბიჯი იმ ფონზე იდგმება, როცა სათამაშოების მწარმოებლები შემცირებულ მოთხოვნას ებრძვიან, რადგან მომხმარებლები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სავაჭრო პოლიტიკის ცვლილებით მოსალოდნელი ეკონომიკური შედეგებისთვის ხარჯს ამცირებენ.
Mattel თავისი პროდუქციის ინოვაციურობის ასამაღლებლად, ასევე, OpenAI-ის ხელოვნური ინტელექტის მოწინავე ინსტრუმენტებს გამოიყენებს, როგორიც ChatGPT Enterprise-ია.
„ამ წარმოუდგენელი ტექნოლოგიის გამოყენება საშუალებას მოგვცემს, მართლა ხელახლა გავიაზროთ თამაშების მომავალი,“ - აცხადებენ Mattel-ში.
Mattel გარიგების ფარგლებში OpenAI-ზე ინტელექტუალურ საკუთრებას არ ალიცენზირებს და შექმნილ პროდუქტებზე სრულ კონტროლს ინარჩუნებს.
Mattel-ის აღმასრულებელ დირექტორ ინონ კრეიცის მიზანია, კომპანია უბრალო სათამაშოების მწარმოებლიდან მის პოპულარულ პერსონაჟებზე შექმნილი ფილმების, სატელევიზიო შოუებისა და მობილური თამაშების მწარმოებლად გარდაქმნას. OpenAI გეგმავს, კომპანიას საკულტო ბრენდებზე დაფუძნებული ახალი პროდუქტების შემუშავებაში დაეხმაროს.
ახალი პროდუქტების შესამუშავებლად OpenAI ღირებული ინტელექტუალური საკუთრების მქონე კომპანიებს მიიზიდავს. ის, ასევე, გასართობ ინდუსტრიაში, მათ შორის, ჰოლივუდის სტუდიებთან პარტნიორობის შესაძლებლობას იკვლევს.
ცნობისთვის: გასულ თვეს Mattel-მა წლიური პროგნოზი უკან გაიწვია და განაცხადა, რომ მიწოდების ჯაჭვის მაღალი ხარჯის კომპენსირებისთვის ქვეყნის შიგნით გასაყიდ ზოგიერთ პროდუქტზე ფასებს გაზრდიდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ