ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების შემთხვევები შემცირდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა.

მათივე ცნობით, სააგენტო ყირიმ-კონგოს საწინააღმდეგო პრევენციულ ღონისძიებებს განაგრძობს. მიმდინარე წელს, სამტრედიის, ახალციხის, ხაშურის და ქარელის რაიონებში ადამიანის ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით დაავადების 5 შემთხვევა დაფიქსირდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები გადამტანების საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში ცხოველის სადგომებს ინსექტოაკარიციდებით (პარაზიტის საწინააღმდეგო პრეპარატი), ხოლო დაინფიცირებულ სოფლებთან არსებულ საძოვრებს სპეციალური სადეზინფექციო დანადგარებით ამუშავებენ.

სააგენტოს ინფორმაციით, 2015 წელს, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დაგეგმილია 11536 სული მსხვილფეხა პირუტყვის და 3000-მდე ცხოველის სადგომის და საძოვრების დამუშავება. 2014 წელს სააგენტოს სპეციალისტების მიერ მაღალი რისკის ზონებში - ადიგენის, ასპინძის, ბორჯომის, გორის, კასპის, ხაშურის, მარნეულის, მცხეთის, ბაღდათის და სამტრედიის მუნიციპალიტეტების დაინფიცირებულ სოფლებში - მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა; სპეციალური პრეპარატებით დამუშავდა მოსახლეობის საკუთრებაში მყოფი 3451 სული მსხვილფეხა პირუტყვი. 2014 წელს გადამტანის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების შედეგად, 2015 წელს დაავადების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ადამიანებში ყირიმ-კონგოს დაავადების ერთეული შემთხვევები საქართველოში პირველად 2009 და 2012 წლებში (თითო შემთხვევა) აღინიშნა. 2013 წელს შემთხვევების რაოდენობა 13-მდე გაიზარდა, ხოლო 2014 წელს 24 შემთხვევა აღინიშნა. მიმდინარე წლის ივლისის მონაცემებით, 5 შემთხვევაა დაფიქსირებული.

"ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება მიეკუთვნება მწვავე ვირუსულ ზოონოზურ დაავადებათა რიცხვს. ახასიათებს ცხელება, ზოგადი ინტოქსიკაცია და თრომბოჰემორაგიული სინდრომი. ცხოველებში დაავადებას კლინიკური ნიშნები არ ახასიათებს. დაავადება ადამიანში პირველად 1944 წელს (ყირიმში) გამოვლინდა. ბუნებაში დაავადების რეზერვუარები არიან თაგვები, მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი, ფრინველები (დაინფიცირებული ტკიპების გადამტანები), გარეული ძუძუმწოვარი ცხოველები და ტკიპები. დაავადების წყარო არის დაავადებული ადამიანი, ან ინფიცირებული ცხოველი. ვირუსი უმეტესად ტკიპების კბენით (Hyalomma სახეობის ტკიპა) გადაეცემა", - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.