2024 წელს 380, წელს 5 თვეში - 125 ირანული კომპანია დარეგისტრირდა საქართველოში - მათგან 485-ის საქმიანობა უცნობია

გასულ წელს, საქართველოში ირანული კაპიტალის მონაწილეობით 380 ბიზნეს სუბიექტი დარეგისტრირდა, წელს 5 თვეში - 125. ამის შესახებ ინფორმაცია „ბიზნესპრესნიუსს" საქსტატიდან მიაწოდეს.

საქართველოში ირანული კომპანიების 96%-ის საქმიანობა უცნობია

მონაცემების თანახმად, ჯამურად, შარშან და წელს ირანული კაპიტალით დარეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტებიდან 485 კომპანიის (96%) საქმიანობა უცნობია. უფრო დეტალურად რომ ჩავშალოთ, 2024 წელს დარეგისტრირებული 380 ირანული ბიზნესიდან 361 საქმიანობა უცნობია, ხოლო წელს 125 კომპანიიდან - 124-ის საქმიანობა გაურკვეველია.

აქვე აღსანიშნავია, რომ 2025 წელს (იანვარ-მაისში) ყველაზე მეტი ირანული კომპანია მაისშია რეგისტრირებული, კერძოდ, 40 ბიზნეს სუბიექტი, რაც წინა თვესთან შედარებით 166%-ით მეტია, ხოლო წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 38%-ით.

რაც შეეხება დარგებს, წლევანდელი მონაცემებიდან მხოლოდ ის ვიცით, რომ ირანული კაპიტალით დარეგისტრირებული ერთი ბიზნეს სუბიექტის საქმიანობა საცალო და საბითუმო ვაჭრობას უკავშირდება.

ხოლო გასული წლის მდგომარეობთ, საქსტატის მიხედვით, 9 ირანი კომპანია საბითუმო და საცალო ვაჭრობაში საქმიანობს, 3 ტრანსპორტსა და დასაწყობებაში, 3 განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობებში, 2 დამამუშავებელ მრეწველობაში, ხოლო 1 პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობებში.

იხილეთ ასევე: „ირანიდან კაპიტალი არაფორმალური გზებით შემოდის, პრობლემურია ამ კაპიტალის წარმომავლობაც“ - რა საფრთხეებთანაა დაკავშირებული ირანთან ეკონომიკური სიახლოვე

ნინი ქეთელაური