ევროკავშირი კრიპტოვალუტის ბირჟების სწრაფი ლიცენზირებით შეშფოთებულია

ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა კრიპტოვალუტის ბირჟებისთვის ოპერირების ლიცენზიების სწრაფად და მათი მკაცრი შემოწმების გარეშე გაცემით შეშფოთებულია.

ინფორმაციას Reuters წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი თქმით, კრიპტოვალუტის ამერიკული ბირჟა, Gemini ლიცენზიას მალე მალტაში მიიღებს, ხოლო მანამდე ამ ქვეყანაში ნებართვა OKX-მა და Crypto.com-მა მიიღო. კიდევ ერთი მსხვილი კრიპტობირჟა, Coinbase მალე ლიცენზიას ლუქსემბურგში მიიღებს.

ევროპელი ოფიციალური პირები შიშობენ, რომ ადგილობრივი მარეგულირებელი ორგანოები უყურადღებონი არიან და ბირჟების დოკუმენტებს საკმარისად კარგად არ ამოწმებენ. ოპერირების ნებართვების სწრაფმა მიღებამ ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების სამმართველოს (ESMA) ყურადღება უკვე მიიპყრო. Reuters-ის წყაროს ცნობით, ESMA მალტაში ლიცენზირების შესახებ ანგარიშს მალე წარადგენს.

თავის მხრივ, მალტის ფინანსთა და ფინანსური მომსახურების სამინისტროს ანონიმურმა წარმომადგენელმა სააგენტოს აცნობა, რომ მხოლოდ ოთხი ლიცენზია არის გაცემული. მან დასძინა, რომ გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადების „დაჩქარებული დამუშავება“ კრიპტოვალუტის ინდუსტრიის „ღრმა შესწავლის“ შემდეგ გახდა შესაძლებელი.

ცნობისთვის: 2023 წელს ევროკავშირში კრიპტოაქტივების ბაზრების რეგულაციის შესახებ კანონი (The Markets in Crypto-Assets Regulation-MiCA) ამოქმედდა. ეს მსოფლიოში პირველი ნორმატიული აქტია, რომელიც კრიპტოკომპანიებთან ურთიერთობაში მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და გარანტიებს უზრუნველყოფს. ევროპის ცენტრალურმა ბანკმა კანონმდებლობის სწრაფი გადახედვა მოითხოვა, რადგან ანალიტიკოსებმა ევროკავშირში კრიპტოვალუტის რეგულირების ფუნდამენტური წესების სიმტკიცე ეჭვქვეშ დააყენეს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ