რა ქონებას ფლობს ვარლამ ლიპარტელიანის ოჯახი

ტიტულოვანმა ქართველმა ძიუდოისტმა, აწ უკვე დეპუტატმა, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა ვარლამ ლიპარტელიანმა ქონებრივი დეკლარაცია 2025 წლის 27 იანვარს შეავსო.

დოკუმენტის მიხედვით, ლიპარტელიანების ოჯახის საკუთრებაშია ბინა თბილისში და მიწის ნაკვეთები, თუმცა მის ოჯახს დოკუმენტების მიხედვით არ ჰყავს ავტომობილი. ამავე დროს, დეკლარაციის მიხედვით, ვარლამ ლიპარტელიანი დაკავებულია სამეწარმეო საქმიანობით და წილებს ფლობს რამდენიმე კომპანიაში.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, რა ქონებას ფლობს ვარლამ ლიპარტელიანის ოჯახი:

დეკლარაციის მიხედვით, ვარლამ ლიპარტელიანის საკუთრებაშია 200 კვ.მ. ფართობის ბინა თბილისში, რომელიც მან 2019 წელს 130 000 დოლარად შეიძინა. გარდა ამისა, ფლობს ხუთ მიწის ნაკვეთს ლენტეხის, დუშეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში, რომლებიც მას 2016 წელს ჩუქებით აქვს მიღებული.

რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, ქონებრივიდ ეკლარაციის შევსების მომენტში ლიპარტელიანს საბანკო ანგარიშებზე ჰქონდა 11 682 ლარი, 233 დოლარი და 468 ევრო. ამავე დროს, საკრედიტო ანგარიშზე უფიქსირდებოდა - 11 513 ლარი. ამასთან, მის სამ შვილს ჯამში, 4 170 ლარი უფიქსირდებოდათ ანაბარზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ დეპუტატი დაკავებულია სამეწარმეო საქმიანობით. დოკუმენტების მიხედვით, მას ორ კომპანიაში აქვს წილები. კერძოდ, როგორც თავად უთითებს დეკლარაციაში, წილების 50%-ს ფლობდა შპს „ჩემპიონთა სახლში“, რომლის საქმიანობიდანაც 2024 წელს 21 950 ლარის შემოსავალი მიიღო. ამასთან, დეპუტატი 100%-იან წილს ფლობდა შპს „ლიპო“-ში, თუმცა მისი საქმიანობით მირებული შემოსავალი დეკლარაციაში არ ფიქსირდება.

რაც შეეხება მის შემოსავლებს, ვარლამ ლიპარტელიანმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება სპორტის დეპარტამენტისგან 2024 წელს მიიღო 804 ლარი. ამავე დროს, ის დასაქმებული იყო შსს-ს ძიუდოს სპორტულ კლუბში, საიდანაც 2024 წელს შემოსავლის სახით 9 845 ლარი მიიღო. გარდა ამისა, პარლამენტის წევრობისთვის მას აღებული აქვს 5 001 ლარი 2024 წლის 26 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში.

რაც შეეხება ოჯახს, როგორც ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, საანგარიშო პერიოდში მისი მეუღლე დასაქმებული იყო ფინანსთა სამინისტროში, სადაც იკავებდა სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის უფროსის პოზიციას. ამ თანამდებობაზე ყოფნისთვის მან 93 993 ლარის შემოსავალი აიღო. ამავე დროს, მან გასულ წელს ჩაატარა ორი ტრენინგი, საიდანაც ერთში 1 841 ლარი, ხოლო მეორეში 3 703 ლარი აქვს მიღებული.

რაც შეეხება გასავალს, ვარლამ ლიპარტელიანს 2019-2029 წლების ვადით აღებული აქვს 87 000 ევროს ოდენობის იპოთეკური სესხი ბინის შესაძენად, რომლის შედეგადაც გასავალმა 9 687 ევრო შეადგინა.

მერი ტაბატაძე