თურქეთი მომავალი თვიდან ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში გავლის ღირებულებას გაზრდის.
ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ აბდულკადირ ურალოღლუმ განაცხადა, რასაც Ukrinform ავრცელებს.
მინისტრის ცნობით, „1-ლი ივლისიდან ე.წ. ოქროს ფრანკის ღირებულება, რომელიც თურქეთის სრუტეებში გაუჩერებლად გამავალი გემებისთვის დაწესებული გადასახადის გამოსათვლელად გამოიყენება, 15%-ით გაიზრდება და 5.83 დოლარს შეადგენს.“
ურალოღლუ ამბობს, რომ ოქროს ფრანკის ღირებულება, რომელიც 2022 წლამდე, 39 წლის განმავლობაში უცვლელი რჩებოდა და 0.8 დოლარს შეადგენდა, ამჟამად ყოველწლიურად გადაიხედება. კერძოდ, თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2022 წელს მიიღო გადაწყვეტილება, ოქროს ფრანკის საბაზისო ღირებულება ყოველი წლის ივნისის ბოლოს განაახლოს.
ასევე, ყოველწლიურად სხვა მომსახურების გაწევის საფასურიც იზრდება.
2022 წლის ოქტომბერში თურქეთის ხელისუფლებამ სრუტეში გასვლის საფასური 5-ჯერ, 4,08 დოლარამდე გაზარდა.
ცნობისთვის: 1936 წლის მონტრეს კონვენცია ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში გასავლელად შუქურის, გადაზიდვისა და სანიტარული ინსპექტირების გადასახადებსა და მოსაკრებლებს განსაზღვრავს. კონვენციის მიხედვით, გადასახადი ოქროს ფრანკის საფუძველზე გამოითვლება. ხელმოწერის დროს ოქროს ფრანკი 0,8 დოლარს გაუტოლდა, ხოლო კონვენციამ სრუტეებზე თურქეთის სუვერენიტეტი აღადგინა.
მონტრეს კონვენციის მე-19 მუხლის მიხედვით, თურქეთს შეუძლია, სრუტე მეომარი ქვეყნების გემებისთვის დახუროს, რაც არ ეხება იმ გემებს, რომლებიც სადგომზე ბრუნდებიან. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყებიდან თურქეთმა, მონტრეს კონვენციის შესაბამისად, თავისი სრუტე სამხედრო გემებისთვის ჩაკეტა და შავ ზღვაში ნებისმიერი ქვეყნის სამხედრო გემის გატარება უკრაინის ომის დასრულებამდე გამორიცხა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ