ზურა ხაჩიძემ სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის მოადგილის თანამდებობა დატოვა. აღნიშნულის შესახებ მან 16 ივნისს სოციალურ ქსელში დაწერა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, რა ქონებას ფლობს ზურა ხაჩიძე. მონაცემები ემყარება მის მიერ 2024 წლის აგვისტოში შევსებულ დეკლარაციას.
ზურა ხაჩიძემ 2024 წელს 70 000 დოლარად შეიძინა 457 კვ.მ ბინა თბილისში, სადაც 18% წლს ფლობს. კერძოდ, მის საკუთრებაში ამ ბინიდან არის 80 კვ.მ. ამასთანავე, მისი მეუღლის სახელზეა რეგისტრირებული ორი ბინა თბილისში. აქედან ერთი 2008 წელს 55 000 დოლარად არის შეძენილი (95.63 კვ.მ), ხოლო მეორე 2019 წელს 50 000 დოლარად.
რაც შეეხება მოძრავ ქონებას, ხაჩიძის სახელზეა 2020 წლის toyta camry, რომელიც მან 2023 წელს 15 000 დოლარად იყიდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ დეკლარაციის შევსების მომენტში ხაჩიძის ოჯახის სხვადასხვა საბაკო ანგარიშებზე იყო ჯამში 2 660 ლარი, ხოლო საკრედიტო ანგარიშზე 38 031 დოლარი (ბანკის კრედიტი სახლის შეძენისთვის) და 120 434 ლარი (ბანკის კრედიტი იპოთეკური სესხი).
გარდა ამისა, ხაჩიძეების ოჯახი დაკავებული სამეწარმეო საქმიანობით. დეკლარაციის მიხედვით, ზურა ხაჩიძის მეუღლეს წილები ჰქონდა სამ კომპანიაში, ესენია: შპს „ბი ენ ბი“ (100%), შპს „კომპანია ა. ნ.“ (50%) და შპს „ტრანსატლანტიკი და პარტნიორები“ (25%). ამასთანავე, „ბი ენ ბი“-სა და „კომპანია ა. ნ.“-ში ის იკავებს დირექტორის თანამდებობასაც.
დეკლარაციის მიხედვით, სახელმწიფო სამსახურში დასაქმებისთვის 2023 წელს ზურა ხაჩიძემ ხელფასის სახით მიიღო 37 707 ლარი. ამასთანავე, მან საანგარიშო პერიოდში შემოქმედებითი საქმიანობიდან შპს „ად ლიბიტუმ ენთერთეინმენთისგან“ აიღო 1 538 ლარი, შპს „კოლექტიკისგან“ - 6 666 ლარი, ხოლო შპს „ჯი ემ აი“-სგან 4 236 ლარი.
ამასთანავე, ხაჩიძემ 2023 წელს შემოსავალი მიიღო ბინის გაქირავებითაც. კერძოდ, მაისიდან ნოემბრის პერიოდში მისი შემოსავალი ამ წყაროდან 13 986 ლარს შეადგენდა. ამავე პერიოდში კი გასავალი ჰქონდა 12 000 ლარის მოცულობით. ეს თანხა მან „გივი ზალდასტანიშვილის სახ. ამერიკული აკადემიაში“ შვილის სწავლისთვის გადაიხადა.