ერთ თვეში ნავთობპროდუქტების ექსპორტიდან რუსეთის შემოსავალი 0.5 მლრდ დოლარით შემცირდა

რუსეთის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი მაისში, აპრილთან შედარებით, 0.48 მლრდ დოლარით შემცირდა და 12.6 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც, 2024 წლის მაისთან შედარებით, 4 მლრდ დოლარით ნაკლებია. მიზეზი ნავთობზე ფასების ვარდნაა.

ამის შესახებ საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) ყოველთვიურ ანგარიშში წერია, რასაც Reuters ავრცელებს.

მოცულობით თვალსაზრისით, რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტი მაისში დღეში 0.23 მლნ ბარელით, 7.3 მლნ ბარელამდე შემცირდა, რაც, 2024 წლის მაისთან შედარებით, დღეში 0.38 მლნ ბარელით ნაკლებია.

ამასთან, მაისში რუსული ნავთობის გადაზიდვები წინა თვის დონეზე დარჩა და დღეში კვლავ 4.7 მლნ ბარელი შეადგინა. თუმცა, 2024 წლის მაისთან შედარებით, გადაზიდვებმა დღეში 0.02 მლნ ბარელით მოიკლო.

ნავთობპროდუქტების ექსპორტი მაისში, აპრილთან შედარებით, დღეში 0.2 მლნ ბარელით, ხოლო წლიური თვალსაზრისით დღეში 0.1 მლნ ბარელით, ანუ 2.6 მილიონ ბარელამდე შემცირდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ