2024 წელს მსოფლიოში შეიარაღებული კონფლიქტები და სახელმწიფოთა შორის დაძაბულობა გაიზარდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, სამხედრო ხარჯების მკვეთრი ზრდა ძირითადად რამდენიმე ქვეყანაზე მოდიოდა - ამის შესახებ „სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის“ (SIPRI) ანგარიშში ვკითხულობთ.
გასულ წელს გლობალურმა სამხედრო დანახარჯებმა 2.718 ტრილიონი დოლარი შეადგინა, ეს კი მაშინ, როცა 2023 წელს 2.443 ტრილიონი დოლარი იყო.
2024 წელს მთლიანი სამხედრო დანახარჯების თითქმის ნახევარი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთზე მოდის. ამასთანავე, საანგარიშო პერიოდში TOP 15 ქვეყნის თავდაცვის ხარჯები მთლიანი გლობალური დანახარჯების თითქმის 80%-ს შეადგენდა, ეს კი დაახლოებით 2.185 ტრილიონი დოლარია. ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს თხუთმეტივე ლიდერმა ქვეყანამ გაზარდა სამხედრო დანახარჯები.
რეიტინგში შესული 15 ქვეყნიდან, გასულ წელს ყველაზე მაღალი პროცენტული ზრდა თავდაცვის ხარჯების კუთხით დაფიქსირდა ისრაელში, რუსეთში, პოლონეთსა და გერმანიაში. SIPRI-ის ანგარიშის თანახმად, ეს მონაცემები აჩვენებს, თუ რა გავლენა მოახდინა მიმდინარე კონფლიქტებმა ქვეყნების სამხედრო დანახარჯებზე.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, იმ 15 ქვეყნის მონაცემებს, რომელთა სამხედრო დანახარჯებიც 2024 წელს ყველაზე მაღალი იყო.
ისრაელისა და ირანის სამხედრო დაპირისპირება მეხუთე დღეა გრძელდება. გლობალურად არსებობს მოლოდინები, რომ კონფლიქტი მისი ბუნებიდან და საფუძვლებიდან გამომდინარე მოკლე ვადაში ვერ დასრულდება. საინტერესოა, როგორი იყო ისრაელისა და ირანის სამხედრო დანახარჯები კონფლიქტის გაღვივებამდე.
როგორც დასაწყისშივე აღვნიშნეთ, გასული ერთი წლის განმავლობაში სამხედრო დანახარჯები ყველაზე მეტად ისრაელმა გაზარდა. ამას ხელი შეუწყო ომმა ღაზაში, ჰეზბოლასგან მომდინარე საფრთხეებმა და რეგიონში ირანის მზარდმა გავლენამ.
2024 წელს ისრაელის სამხედრო ხარჯები წლიურად 65%-ით გაიზარდა და 46.5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც SIPRI-ის ცნობით, 1967 წლის 6-დღიანი ომის შემდეგ სამხედრო ბიუჯეტის ყველაზე მაღალი წლიური ზრდაა. ცნობისთვის, ისრაელმა 1967 წელს, 1966 წელთან შედარებით, ხარჯები 63.9%-ით გაზარდა.
ამასთანავე, გაზრდილია ისრაელის სამხედრო დანახარჯების წილი მთლიან შიდა პროდუქტში. კერძოდ, 2023 წელს თუ 5.4%-ის ფარგლებში იყო, 2024 წელს 8.8%-ს მიაღწია. 2024 წლის მონაცემებით, მშპ-ში თავდაცვის ხარჯების წილით ისრაელს მხოლოდ უკრაინა (34%) უსწრებდა.
„2024 წლის ოქტომბერში ჰეზბოლასთან კონფლიქტის გამწვავებამ, ისევე როგორც ღაზაში მიმდინარე ომმა, მნიშვნელოვნად გაზარდა ისრაელის სამხედრო ბიუჯეტი - თავდაპირველად განსაზღვრული 37.1 მლრდ დოლარიდან დეკემბრის ბოლოსთვის ხარჯები 45.6 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. (ეს მონაცემები ემყარება ისრაელის ყოველთვიური ბიუჯეტის შესრულებას და არ მოიცავს ყველა იმ კრიტერიუმს, რასაც ზოგადად SIPRI-ს მთლიან სამხედრო ხარჯებში ფარავს)“, - აღნიშნულია ანგარიშში.
აღსანიშნავია ისიც, რომ ისრაელის სამხედრო ხარჯების წილი მსოფლიოს მთლიან თავდაცვის დანახარჯებში 1.7%-ს შეადგენდა.
რაც შეეხება ირანს, 2024 წელს საერთო დანახარჯებში მისი წილი 0.3% იყო, ხოლო თავდაცვის ხარჯების კუთხით მსოფლიოს ქვეყნებს შორის 34-ე ადგილს იკავებდა.
2024 წელს ირანის სამხედრო დანახარჯები 7.9 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ეს კი 10%-ით ნაკლებია 2023 წლის ხარჯებთან შედარებით. ირანის თავდაცვის ხარჯების წილი კი მშპ-ში 2%-ის ფარგლებში იყო.
„წლიური კლების ძირითადი მიზეზი იყო ირანში მაღალი და სტაბილურად მზარდი ინფლაციის გავლენა სამხედრო ხარჯებზე. ეს უკანასკნელი ნაწილობრივი განპირობებული იყო აშშ-ის ეკონომიკური სანქციებით, რამაც მნიშვნელოვანი ზეწოლა განახორციელა ირანის მთავარი საექსპორტო პროდუქტის - ნავთობის ექსპორტზე.
სანქციები, რომლებიც 2024 წელს კიდევ უფრო გაფართოვდა, მიზნად ისახავდა ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას და მისი მხრიდან ჰამასისთვის ღაზაში, ჰეზბოლასთვის ლიბანში და ჰუსიტებისთვის იემენში მხარდაჭერის შეჩერებას“, - აღნიშნულია SIPRI-ის ანგარიშში.